• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აბაკელია იოსებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აბაკელია იოსებ კონსტანტინეს ძე  (2.III.1882, ქუთაისი, - 1938, თბილისი) - საქართველოში მეცნიერული ფთიზიატრიის ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-რევოლუციონერი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. 1903 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტში შევიდა, მაგრამ რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და განთავისუფლების შემდეგ ოდესაში ცხოვრება აეკრძალა, რის გამოც სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. მან მხოლოდ 1911 დაამთავრა მოსკოვის უნ-ის სამედ. ფაკ-ტი. 1903 წ-დან რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერების) პარტიის წევრი გახდა, აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, ციმბირში გადასახლებაც ჰქონდა მისჯილი, მაგრამ მოსკოვის უნ-ის რექტორისა და სტუდენტების შუამდგომლობით გადაურჩა სასჯელს.

1918 წ-ის თებერვალში საქართველოში დაბრუნდა. ჩამოსვლისთანავე აირჩიეს ესერთა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად და კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ). აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში. საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად ესერთა პარტიიდან და ფუნქციონირების ამოწურვამდე რჩებოდა ამ საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) შემადგენლობაში. 1918 წ-ის 1 ივნისს, დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე, აირჩიეს ეროვნული საბჭოს მდივნის, დ. ონიაშვილის თანაშემწედ.  

 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1922 მისი თაოსნობით თბილისში დაარსდა ტუბერკულოზის ამბულატორია, 1930-დან კი ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტ-ი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. 1935-1938 ხელმძღვანელობდა თბილ. სამედ. ინსტ-ის მის მიერვე დაარსებულ ტუბერკულოზის კათედრას, 1933 წ-დან კითხულობდა ტუბერკულოზის კურსს ექიმთა დახელოვნების ინსტ-ში. 1921 გამოაქვეყნა ტუბერკულოზის პირველი ქართული სახელმძღვანელო. გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები. ქართველ ფთიზიატრებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხეში ფართოდ გაშალა ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციული და მეცნიერულ-პრაქტიკული საქმიანობა, დიდ ყურადღებას უთმობდა კურორტ აბასთუმნის განვითარებას. მიუხედავად ამ დიდი დამსახურებისა და სფეროს აქტუალობისა, მაინც რეპრესიების მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა.         

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates