შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე (1884, ქ. თბილისი - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა თბილისში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეთა ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში და თბილისის სამოქალაქო სკოლაში მიიღო. ადრეული ასაკიდან შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. მუშაობდა თბილისის ტრამვაიში. იყო ტრამვაის ლოკალური პროფკავშირული გაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1919 წ-ის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა შრომის კომისიაში.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. სხვა ბიოგრაფიული ცნობები არ მოიძებნა.