• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ფალიაშვილი ზაქარია პეტრეს ძე

ფალიაშვილი ზაქარია პეტრეს ძე (03.VIII.1871, ქუთაისი - 06.X.1933, თბილისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი  ფუძემდებელი, ლოტბარი, გუნდის მომღერალი, ორგანისტი, ვალტორნისტი, ქართული ხალხური სიმღერების შემკრები, დირიჟორი, პედაგოგი. დაიბადა კათოლიკური ეკლესიის მნათეს მრავალშვილიან ოჯახში.  8 წლიდან გალობდა ქართული კათოლიკური ეკლესიის გუნდში. დაწყებითი განათლებაც ამავე ეკლესიასთან არსებულ ორწლიან სამრევლო სკოლაში მიიღო. 1879-1987 წწ-ში ცნობილი პიანისტი ფელიქს მიზანდარი ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა. 1889 წ-დან იწყებს ეკლესიის გუნდის ლოტბარობას და ორღანისტობას. 1887-1889 წწ-ში  ძმასთან ერთად ლადო აღნიაშვილისა და იოსებ რატილის გუნდში მღეროდა. 1891 წ-ის  აგვისტოში ჩაირიცხა თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ვალტორნის კლასის მოსწავლედ. 1895 წ-დან თეორიის განყოფილებაზე განაგრძო სწავლა, კომპოზიტორ ნ.ს. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1900 წ-ის  აგვისტოში უმაღლესი მუსიკალური განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრა. 1900-1903 წწ-ში მოსკოვის კონსერვატორიაში, კონტრაპუნქტის კლასში, ცნობილ კომპოზიტორთან და თეორეტიკოსთან,  სერგეი ტანეევთან, სწავლობდა. მისი ხელმძღვანელობით აითვისა ი. ს. ბახის და ბახამდელი სტილის ოსტატთა პოლიფონიური ტექნიკის პრინციპები. სწავლის პერიოდში დაწერა პრელუდიები, სონატები, კანონები და ფუგები. ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერისა და შეგროვების მიზნით 1901 წ-ის  ივლისსა და აგვისტოში იმოგზაურა ქართლში, კახეთში, იმერეთსა და გურიაში. 1903 მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა თბილისში.  ვაჟთა და ქალთა სათავადაზნაურო გიმნაზიებში მიიწვიეს სიმღერისა და მუსიკის, ხოლო სამუსიკო სასწავლებელში (შემდგომში კონსერვატორია) მუსიკის თეორიის მასწავლებლად. 1905 მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ ჩამოყალიბებაში და არჩეულ იქნა მისი გამგეობის წევრად. წლების განმავლობაში მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში და იწერდა  ხალხურ სიმღერებს ( 300-მდე ხალხური სიმღერა ჩაიწერა. გამოიცა მისი კრებულები „რვა ქართული სახალხო სიმღერა“, „საეკლესიო საგალობელი წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესისა“, „40 ქართული სახალხო სიმღერა“).  1910 წ-ის 31 ოქტომბერს  ქართული „ფილარმონიული საზოგადოების“ გუნდმა მისი ლოტბარობით თბილისის ქაშვეთის ეკლესიაში შეასრულა „ლიტურგია“, იმავე წლის 9 დეკემბერს კი თბილისის სამუსიკო სასწავლებლის მოწაფეთა ორკესტრის „სიმფონიურ შეკრებაზე“ პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის რანგში. კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის სიმფონია დო მინორი, N 5. 1912  ხალხური თქმულებით „ეთერიანით“ შთაგონებულმა დაიწყო მუშაობა ოპერაზე „აბესალომ და ეთერი“. ოპერის ნაწყვეტები პირველად 1913 თბილისში შესრულდა, 1914-1915  წწ-ში კი ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ფოთსა და ბაქოში.                

1917 წ-ის 1 აპრილს,  თბილისის სამუსიკო სასწავლებლის კონსერვატორიად გადაკეთების შემდეგ, დაინიშნა კონსერვატორიის ინსპექტორად. კომპოზიტორის ყველაზე დიდი წარმატება  საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება. 1918 წ-ის 19 აგვისტოს დაასრულა „აბესალომ და ეთერზე“ მუშაობა, რომლის პრემიერა თბილისის ოპერის სცენაზე 1919 წ-ის 21 თებერვალს გაიმართა. ოთხი დღის შემდეგ გაიმართა მისი სამუსიკო მოღვაწეობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო  (1919 განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ქართული მუსიკის ისტორიაში. „აბესალომის“ პრემიერამდე ორი კვირით ადრე, 5 თებარვალს, გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ პრემიერა, წლის ბოლოს, 11 დეკემბერს კი დაიდგა ვიქტორ დოლიძის კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“). 1920 წ-ის ზაფხულში აბასთუმანში იწყებს მუშაობას თავის მეორე ოპერა „დაისზე”. ასრულებს მას. პარალელურად 1920-21 წწ-ში წერს რომანსებს.

1922 ინიშნება კონსერვატორიის დირექტორად. თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის სცენაზე „დაისის“ პრემიერა გაიმართა. „დაისიც“, ისევე როგორც „აბესალომ და ეთერი“, ქართული კლასიკური მუსიკის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად იქცა. 1925 წ-ის 12 აპრილს შემოქმედებითი მოღვაწეობის 30 წლისთავი გადაუხადეს და პირველს ქართველ კომპოზიტორთა შორის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. 1926  წ-ის ზაფხულში დაიწყო მუშაობა თავის მესამე ოპერაზე „ლატავრა“, 1927  დაწერა „საზეიმო კანტატა“. 1928 წ-ის 16  მარტს თბილისის სახელმწიფო ოპერის სცენაზე „ლატავრას“ პრემიერა შედგა. 1929  აირჩიეს თბილისის კონსერვატორიის რექტორად, 1932 კი, მისივე თხოვნით, გაათავისუფლეს აღნიშნული თანამდებობიდან. დაკრძალეს თბილისის ოპერის თეატრის ბაღში. 1937 მისი სახელი მიენიჭა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს; 1947  თბილისის „ნიჭიერთა ათწლედს“; ქუთაისის N2 მუსიკალურ სკოლას; ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელს. არსებობს მისი სახელობის ქუჩები თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში და საქართველოს სხვა ქალაქებში.  1960  თბილისში მისი მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა, 1968 ქუთაისში. 1971 მუსიკოსებისათვის დაწესდა მისი სახელობის პრემია.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates