• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ნათაძე გრიგოლ იასონის ძე

ნათაძე გრიგოლ იასონის ძე (1878, გორის მაზრის სოფელი კასპი - 24.V.1951, თბილისი) -. ქართველი ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და  მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). მამამისი - იასონი იყო ხალხოსანი. გ. ნათაძე სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1892 წ-დან ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის, 1901-1902 წწ-ში, ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მცირე ხნით სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში. საბოლოოდ, 1907 ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. 1905 დააპატიმრეს და იმავე წელს გაანთავისუფლეს ამნიისტიის წყალობით. ასწავლიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიებში და სახალხო უნივერსიტეტებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და საეთნოგრაფიო-საისტორიო  საზოგადოებების წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში.             

1917 წ-ის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გ. ნათაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ჯერ როგორც რუსული ესერთა პარტიის, 1918 წ-დან კი საქართველოს ესერთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1918 წ-ის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში.  იყო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და ესერთა პარტიის ფრაქციის წევრი. იმავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სახალხო განათლების სამინისტროში, ხელმძღვანელობდა სასკოლო დაწესებულებათა სამმართველოს. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს და იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე.              

1921 წ-დან ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ორმოცამდე ნაშრომი ეხებოდა როგორც ძველი, ისე ახალი, განსაკუთრებით კი შუა საუკუნეების ისტორიას. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფეოდალიზმის გენეზისის მეცნიერულ შესწავლას, რასაც მარქსისტული პოზიციიდან აანალიზებდა. მანვე შემოიღო უნივერსიტეტში ისტორიის სწავლების მეთოდიკის სალექციო კურსი; შექმნა შუა საუკუნეების პირველი ქართული სახელმძღვანელო და პირველმა დაამკვიდრა ტერმინი - „შუა საუკუნეები“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates