• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ხორბლის შემოტანა საქართველოში

ხორბლის შემოტანა საქართველოში.  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების  პირველივე დღიდანვე, უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნის სურსათით მომარაგება.  მდგომარეობას ამძიმებდა ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები და სამხედრო კონფლიქტები მეზობელ სახელმწიფოებთან. 1920-ის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს რესპუბლიკას ხორბლის სამთვიანი მარაგი გააჩნდა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არმიის გამოკვების საკითხი. მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესებას ითვალისწინებდა 1920-ის 14 დეკემბრის „დეკრეტი სამხედრო-სასურსათო ფონდის გასაძლიერებლად სიმინდის შესყიდვის შესახებ“. ევროპის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის შეპირებული სურსათის მიყიდვის პროცედურის დასაწყებად, საქართველოს წარმომადგენლობითი მისიების 1919-1920 წლების საქმიანობა  უშედეგო აღმოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლობის მეორე განშტოებას, რომელსაც ვასილ დუმბაძე ხელმძღვანელობდა, აშშ- ში გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, საქართველოს მომარაგების სამინისტროს წარმომადგენლობასა და ნიუ-იორკის კერძო ფირმა - სავაჭრო სახლის `შაბრიერ მორელ იკოს თან“ 1919-ის ნოემბერში ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მომარაგების სამინისტრომ 20 მილიონიანი ფრანკის საბანკო კრედიტი გახსნა. ამ ხელშეკრულებით, ფირმა „შაბრიერ მორელ იკო“ პასუხისმგებლობას იღებდა, შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ფოთის პორტში მიტანით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, საქართველოსთვის 1350 ტონა ხორბლის შეძენას, ხოლო მისი ღირებულების სანაცვლოდ, საქართველოს მომარაგების სამინისტროს 100 ათასი კილო აბრეშუმის პარკი ან მატყლი (1 კგ. აბრეშუმის პარკის სანაცვლოდ 5 კგ. მატყლი) უნდა მიეცა. საქართველოს მომარაგების სამინისტროს (მინისტრი გ.ერაძე) ძალისხმევით, 1920-ლის დეკემბრის დასაწყისში, „შაბრიერ მორელ იკოს“ პირველ ეტაპზე, 62400 კილო პარკი გაუგზავნეს (გემ `ფრიგზე~ 40 ათასი კგ. დაიტვირთა, ხოლო გემ `ტოდლაზე~ 22 ათას 400 კგ.). ზემოაღნიშნული ფირმა დანარჩენ 37600 კილო პარკს, მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდა, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1350 ტონა ხორბალი საქართველოში სრულყოფილად იქნებოდა შემოტანილი. შეპირებული ხორბალი ფოთის პორტში 1921-ის იანვრის პირველ რიცხვებში შემოვიდა. მისი გემებიდან გადმოტვირთვა, მიწონვა, მატარებლის ვაგონებში განთავსება (76 ვაგონი), მიღებული პროდუქციის სრულფასოვნად შეფასება და მიღება- ჩაბარების აქტზე ხელმოწერა 1921-ის 20 იანვარს დასრულდა.

ხორბლის დანიშნულებისამებრ გაგზავნა და მოხმარების მიზნით მისი დამუშავების შეაძლებლობის პროცესის განხორციელება, მხოლოდ ამ ოპერაციის დამთავრების (1921 წლის 20 იანვარი) განხორციელების შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქართველოში იმ ეტაპზე არსებული სარკინიგზო ტვირთგადაზიდვის შესაძლებლობებს და შესაბამის ტექნოლოგიურ პროცესებს თუ გავითვალისწინებთ, ფოთის პორტიდან ხორბლის ტრანსპორტირება და თბილისის საწყობებში სრულფასოვნად დაბინავება, თებერვლის რიცხვებამდე ვერ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი დაფასოებისა და დაფქვის პროცედურა. ფოთის პორტში შემოტანილმა ხორბლის დიდმა მარაგმა და ჯარისთვის პურის მიწოდების გარანტიის შექმნამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა 1921 წლის 26 იანვარს, საქართველოს მოქალაქეების, 1900 წელს დაბადებული ახალგაზრდების  ჯარში გაწვევა გამოეცხადებინა. ამ დოკუმენტით ყველა წვევამდელი მოქალაქე, დანიშნულ ადგილზე 1921-ის 6 თებერვალს დილის 8-9 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. ამ საქმის ორგანიზაცია, მაზრების შესაბამის უბნებსა და განყოფილებებს ჰქონდა დავალებული. ქვეყანაში მარცვლის ზემოაღნიშნული მარაგის შემოტანამ, სამხედრო შენაერთების ახალი კონტინგენტით შევსება გახადა შესაძლებელი. .

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates