• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სახელმწიფო ენის შესახებ კანონი

სახელმწიფო ენის შესახებ კანონი. საკონსტიტუციო კომისიის 1918-ის 14 სექტემბერს კომისიას გადაეცა დ. ჩიქოვანის წინადადება ეროვნულ საბჭოში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობისათვის ქართული ენის ცოდნის სავალდებულოობის შესახებ. იმავე სხდომაზე  პ. საყვარელიძეს დაევალა შესაბამისი კანონ-პროექტის შემუშავება და შემდგომი სხდომისთვის მისი წარმოდგენა. 1918-ის 21 სექტემბერს ამ საკითხზე კომისიამ იმსჯელა. საბოლოოდ, ეროვნულმა საბჭომ კანონ-პროექტი 1918-ის  1 ოქტომბერს მიიღო. ის შესდგება სამი მუხლისაგან და აქვს ორი შენიშვნა. კანონში მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა. საქართველოს ეროვნულ საბჭოში საქმის წარმოება და კამათი მხოლოდ ქართულ ენაზე იყო შესაძლებელი. კანონი მხოლოდ ერვნულ უმცირესობათა წარმომადგენელებს უფლებას აძლევდა, თუ მათ სახელმწიფო ენა არ იცოდნენ, სიტყვა წარმოეთქვათ საკუთარ ენაზე. ეს საკითხი კიდევ უფრო დაზუსტდა საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918-ის 15 ოქტომბრის კანონში „წესი ენის ხმარებისა“, რომელიც ეროვნული საბჭოს რეგლამენტის დამატებას წარმოადგენდა. ცალკე, 1919-ის 14 იანვრის კანონით „ადგილობრივ თვითმართველობათა ორგანოებში ენის ხმარებისა“, მოწესრიგდა ადგილობრივ ორგანოებში ენის გამოყენების საკითხი. რასაკვირველია, უპირატესობა მიენიჭა ისევ ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო ენას, მაგრამ ეროვნულ უმცირესობებს, ასევე, შეეძლოთ, ესარგებლათ თავიანთი დედაენით.

   ქართული ენისადმი განსაკუთრებული მზრუნველობა იმ პერიოდის არაერთ კანონში ჩანს. მაგალითად, 1918-ის 24 სექტემბრის „მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის“ შესახებ კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მოსამართლეთა ყრილობაზე ქართულად უნდა წარმართულიყო. ამ კანონის თანახმად, ოფიციალურ ტექსტად ითველებოდა ქართული ტექსტი.„ნაფიც-მსაჯულთა შესახებ “ 1919-ის 17 იანვრის დებულებით, ნაფიც-მსაჯულს ქართული ენის ცოდნა მოეთხოვებოდა.

„რა ენაზე უნდა მოეწყოს სენატში საქმის წარმოება?“ ეს კითხვა 1919-ის 31 ოქტომბერს დაისვა საქართველოს სენატის საზოგადო კრების სხდომაზე. განხილვის შემდეგ სენატმა ერთხმად დაადგინა: „სენატის რეზოლუცია და განჩინება დაწერილ უნდა იქნეს ქართულად“.

ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი 1921 კონსტიტუციაში მე-3 მუხლითაა გარანტირებული.                                                                                                              

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates