• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სამხრეთ-დასავლეთ  კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს  შექმნის მცდელობა

სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს  შექმნის მცდელობა. სამხრეთ საქართველოს მუსლიმანებით დასახლებულ ტერიტორიაზე პროოსმალური ძალები ათეული წლების მანძილზე ეწეოდნენ ანტიქართულ აგიტაციას, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა 1910-იანი წლებიდან. პროოსმალური აგიტაციის დასაყრდენი იყო ექიმ სულთანოვის მიერ 1914 ახალციხეში შექმნილი „საქველმოქმედო საზოგადოება“. 1917-ის 17 ნოემბერს ახალციხეში ჩატარდა მუსლიმანთა ყრილობა, რომლის მიერ მიღებული დადგენილებით  სამხრეთ- დასავლეთის ქართული ოლქები საქართველოსგან ჩამოცილებულად გამოცხადდა, ხოლო არდაგან- ბათუმის ოლქებისა და ახალციხე- ახალქალაქის მაზრების ბაზაზე, უნდა შექმნილიყო ე. წ. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკა“. 1917-ის დეკემბერში მოხდა მუსლიმან ქართველთა აჯანყება, რომლებმაც ახალციხე ალყაში მოაქციეს. აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ: ომარ- ფაიკ ნამინ ზადე (ყიფიანი), ზია- ბეგ ავალიშვილი, ზორი ზორიანცი, ბაღჩი- ბეგ მაჩაბელი, გუდა გუდიევი, სერვერ- ბეგ ათაბაგი (ჯაყელი) და სხვ. 1918-ის იანვარში, აწყურთან გზის ჩაკეტვით, აჯანყებულებმა სამცხე- ჯავახეთი საქართველოს ჩამოაცილეს, ხოლო მუსლიმან ქართველთა ჯარი ოსმალეთის არმიას შეუერთეს. ახალციხე- ახალქალაქის მაზრების გენერალ- გუბერნატორის მცდელობა, პროოსმალური ორიენტაციის მქონე აჯანყებულებს გამკლავებოდა, უშედეგო აღმოჩნდა.მუდროსის ზავის შემდეგ (1918. 30 ოქტომბერი) ოსმალეთს უნდა დაეტოვებინა ამიერკავკასიის ტერიტორია, მაგრამ ის აჭიანურებდა ჯარის გასვლას ყარსის ოლქიდან. ოსმალთა ხელშეწყობით 1919-ის იანვარში სერვერ- ბეგის ხელმძღვანელობით დაიწყო აჯანყება, შეიქმნა ე. წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის ნაციონალური მთავრობა, რომელსაც იბრაიმ-ბეი ჩაუდგა სათავეში (ყარსის მესამე კონგრესი. 1919-ის 17- 18 იანვარი). მთავრობის რეზიდენციად ყარსი გამოცხადდა. აჯანყებული პროოსმალური ორიენტაციის ბეგები, თავიანთი მიზნების განხორციელებას რეალობად მიიჩნევდნენ, რადგან მხარდაჭერას ოსმალეთიდან და ამიერკავკასიის რეგიონში მყოფი ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან ელოდნენ. ინგლისის სამხედრო შენაერთების ხელმძღვანელთა ხელშეწყობით, ხალილ- ფაშამ ახალციხეში 200  შეიარაღებული ოსმალო ასკერი და რამდენიმე ოფიცერი დატოვა. იმავდროულად, პროოსმალური ორიენტაციის მუსლიმან ქართველებს დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია- წამალი გადაეცა.საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნ.ჟორდანიამ, გენ. უოკერი აჯანყებული სერვერ- ბეგის მხარდაჭერაში და ყარსის მუსლიმანური სახელმწიფოს მფარველობაში დაადანაშაულა. ვ.ნოზაძის მტკიცებით, ინგლისელთა ასეთი პოზიცია, სომხურ ინტერესებთან იყო გადაჯაჭვული. ე.ი. სამხრეთ- დასავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, სომხურ- ინგლისური ანტიქართული კურსი მოქმედებდა. მათი ხელშეწყობით განხორციელდა პარიზის კონფერენციაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით, „ყარსის მთავრობის“ წარმომადგენლის გაგზავნა. ინგლისელთა ფარული მხარდაჭერით, სერვერ- ბეგმა ახალციხეში შესვლისთანავე გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი მოაწყო. იმავდროულად, ადგილობრივი მთავრობის სახით შეიქმნა ახალციხის საგანგებო კომისარიატი. მის შემადგენლობაში შევიდნენ: სერვერ-ბეგი ათაბაგოვი (თავმჯდომარე), პრინცი ათაბაგი-ქობლინსკი (თანაშემწე), გომაშევიჩი (შინაგან საქმეთა კომისარი) და სხვ. ახალციხეში სამხედრო წესები იქნა შემოღებული, ქალაქის კომენდანტად ახმედოვი დაინიშნა, ხოლო ახალციხის მაზრის უფროსად იასონ-ბეგ ფალავანდოვი. სერვერ- ბეგის მმართველობა 27 დღე გაგრძელდა. . სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობამ ენერგიული ზომები მიიღო. 1919-ის აპრილის დასაწყისში ქართულმა ჯარმა გენერალ გ. გ.კვინიტაძის სარდლობით წარმატებული კონტრშეტევა წამოიწყო. აპრილის მეორე ნახევარში კვინიტაძემ დაძლია სერვერბეგის წინააღმდეგობა და 20 აპრილს არტაანი აიღო.. ქართველთა წინსვლან  ინგლისელები იძულებული გახადა 1919-ის აპრილიდან აქტიურ მოქმედებაზე გადასულიყო და „ყარსის მთავრობა“ გასაწირად გაემეტებინა. 13 აპრილს, ინგლისელებმა „სამხრეთ- დასავლეთ კავკასიის“ პარლამენტი დაითხოვეს, ხოლო „მთავრობის“ 12 წევრი დააპატიმრეს და კუნძულ მალტაზე გადაასახლეს.  საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეძლო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სერვერ-ბეგის აჯანყების ლიკვიდაცია,  და რეგიონში წესრიგის დამყარება.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates