• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

გორის მიწისძვრა

გორის მიწისძვრა - 1920 წ-ის 20 თებერვალს დიდი მიწისძვრა მოხდა საქართველოში, რომლის ეპიცენტრიც გორის მაზრაში დაფიქსირდა. პირველი ბიძგი 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებით - 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9 ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე, როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში - 5 ბალს. ღამის ბიძგს გორში დიდი ნგრევა არ მოჰყოლია, ხოლო განმეორებითმა მიწისძვრამ კი ქალაქი გორი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. მთავრობის მიერ შედგენილი სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, ქალაქ გორში აღწერილი 1336 შენობიდან დაზიანება არ მიუღია მხოლოდ 16-ს, 756 შენობა-ნაგებობა კი ან სრულად დაინგრა, ან დასაშლელი გახდა. 405 შენობა კაპიტალურ, ხოლო 156 მცირე რემონტს მოითხოვდა. მიწისძვრის შედეგად ქალაქ გორში დაიღუპა 18 ადამიანი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 267-მა მცხოვრებმა. სრულად განადგურდა მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე სოფლები ხიდისთავი და ოხერა, ასევე თითქმის მთლიანად დაინგრა სოფელი უფლისციხე, ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი, დოესი და სხვა სოფლები. სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მაზრის 75-მა სოფელმა. მიწისძვრამ შეიწირა 129 კაცის სიცოცხლე (სხვა მონაცემებით, დაიღუპა 200-მდე), დაშავდა 661. სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates