• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საბაჟო დაწესებულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საბაჟო დაწესებულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს ერთ-ერთი უწყება, რომელიც ახორციელებდა ქვეყანაში შემოსულ მგზავრებისა და საქონლის აღრიცხვას და კონტროლს, ასევე ფისკალურ ფუნქციას. დაარსდა 1918 წლის 30 აგვისტოს კანონით. არსებობდა მთავარი საბაჟო, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის საბაჟოები. ცენტრალური მართვა-გამგეობის უფლებით აღჭურვილი იყო მთავარი საბაჟო თბილისში (დასაქმებული იყო 48 თანამშრომელი). პირველი ხარისხის საბაჟო მდებარეობდა ფოთში (მუშაობდა 44 ადამიანი). მეორე ხარისხის საბაჟოები იყო ნატანების (20 თანამშრომელი) და სოხუმის (14 თანამშრომელი). მესამე ხარისხისა კი გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ათონში, ყულევში, ანაკლიაში, ოზურგეთში, ბაკურიანში, აწყურში, აბასთუმანში, დარიალში, ლაგოდეხში, ვორონცოვკაში, ფოილოში, ნადრევანში (ყველა ამ საბაჟოში შტატით გათვალისწინებული იყო 4-4 თანამშრომელი: გამგე, თანაშემწე და 2 დარაჯი). სულ საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 183 ადამიანი.

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ  ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ გადმოიბარა საქართველოში არსებული ყოფილი რუსეთის იმპერიის საბაჟო-გამშვები პუნქტები, სულ 14 დაწესებულება, მათ შორის სამხრეთ საქართველოში ორჯოხის, ოლთისისა და ლიმანის, ხოლო შავი ზღვის პირას ადლერის, სოჭის და ტუაფსის საბაჟოები. პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთან ნაწილი საბაჟოებისა გაუქმდა.  

საქართველოში უპირატესად შემოდიოდა საქონელი რუსეთიდან, თურქეთიდან (ოსმალეთიდან), აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან. აქტიურ სავაჭრო საქმიანობა წარმოებდა ყირიმის, ქერჩისა და დონის ოლქებთან. 1918.05-1919.05 მონაცემებით ქვეყნის ბიუჯეტში ბაჟის და სხვა საბაჟო გადასახადების სახით შემოვიდა 12.904.176 მანეთი. ამავე პერიოდში საქართველოდან გაიტანეს 158.439.931 მანეთის საქონელი. ძირითადად, საქონლის შემოტანა და გატანა ხდებოდა რკინიგზით და გემით, ასევ ავტომობილებით. სავაჭრო საქმიანობას ეწეოდნენ ათეულობით დიდი თუ პატარა ფირმა და კერძო მოვაჭრე. ხშირი იყო კონტრაბანდული საქონლის შემოტანისა და მებაჟეების მოსყიდვის მცდელობა. იმისათვის  რომ თავიდან აეცილებინათ მებაჟეთა მხრიდან კანონდარღვევა და კორუფცია მთავარი საბაჟო მიმართავდა მებაჟეთა ხშირ როტაციას, ასევე კონტრაბანდის აღმოჩენის მიზნით შექმნილი იყო სპეციალური აგენტურული ქსელი.  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates