ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობა და საკონსულო საქართველოში - 1918-1921 წწ-ში მდებარეობდა თბილისში, ამჟამინდელი კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე, № 45-ში. დაფუძნდა 1918 წ-ის 30 აგვისტოს, როგორც ლიტვის სახელმწიფოს დროებითი წარმომადგენლობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მას ხელმძღვანელობდა პრანას დაილიდე. საქართველოს ხელისუფლება პატივისცემით ეკიდებოდა ლიტვის დროებით წარმომადგენლობას და მას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. თბილისში აკრედიტებული ლიტვის დროებითი წარმომადგენლობის თანამშრომელი ლიტვის სახელმწიფო საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშში აღნიშნავდა: „Имея всего лишь временные полномочия Совета, не сообщаясь с властями Литвы и постоянно испытывая недостаток средств, благодаря симпатиям Закавказья к Литве, идущей по тому же пути самоопределения, представитель был признан всеми народами Кавказа”. ლიტვის რესპუბლიკის კონსულად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაინიშნა პ. დაილიდე. 1921 წ-ის იანვრის მიწურულს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურედ აღიარება დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოთა მხრიდან 6 თებერვალს ოფიციალურად მიულოცა ჩვენი ქვეყნის მთავრობას ლიტვის კონსულმა პ. დაილიდემ, რომელიც მთავრობის სასახლეში ნოე ჟორდანიას ეწვია.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობამ თბილისში საქმიანობა მცირე ხანს კიდევ განაგრძო. ლიტვის მთავრობამ თბილისში გამოგზავნა თავისი სრულუფლებიანი სავაჭრო წარმომადგენელი.