• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

კოლოკოლ - Колоколь

კოლოკოლ - Колоколь (№1,2,  1919, თბილისი) - საგანმანათლებლო თემატიკის პროფილური რუსულენოვანი გაზეთი „Колоколь“ გამოდიოდა 1919 წელს, ქ. თბილისში. გამოცემას რედაქტორობდა გეორგ ტერ-ნიკოღოსიანი. იბეჭდებოდა სტამბაში „Прогрессь". გამოიცემოდა ოთხ გვერდზე. საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში დაცულია გაზეთის მეორე ნომერი. გაზეთი ძირითადად წმინდა საგანმანათლებლო თემებს უთმობს ადგილს, საუბრობს  სკოლისა და განათლების მნიშვნელობაზე; ამ კუთხით რესპუბლიკაში არსებულ პრობლემებსა და რეფორმების საჭიროებაზე;  განსაკუთრებით კი - განათლების სფეროს დეპოლიტიზების აუცილებლობაზე. მაგალითად, გაზეთის №2-ის მეთაურში „ტიფლისი, 8 თებერვალი“ ნათქვამია, რომ სკოლა უნდა იყოს პოლიტიკის გარეშე“ და რომ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, მოემზადონ მომავალი საქმიანობისთვის, რომელიც მიმართული იქნება „ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ“. გ. ტერტერიანის პრობლემური სტატია „წარმომადგენლობა“ ეხება პედაგოგიური საბჭოებიდან მოსწავლეთა წარმომადგენლობების დათხოვნის საკითხს, მოსწავლეთა უფლებებს, თავისუფალი სკოლის პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ფსევდონიმით „Г.Т.Н.“ ხელმოწერილ წერილში „საშუალო სკოლის სანიტარული მდგომარეობა“ საუბარია ამ კუთხით სკოლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. „В.П.“-ს ავტორობით დასტამბულ წერილში კრიტიკულად არის განხილული თვითგანათლების წრის ბიულეტენი და ა.შ. გაზეთს აქვს რამდენიმე რუბრიკა: „ჩვენი პრესა“,„ქრონიკა“, „სხვა აქალაქების ქრონიკა“, „ჩვენი ლექსიკონი“. ამ რუბრიკებში გვხვდება წერილები რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქის სასკოლო ცხოვრებასა და იქ არსებულ პრობლემებზე. გარდა განათლების საკითხებისა, გაზეთი აქვეყნებს განსხვავებული თემატიკის შემცველ პუბლიკაციებსაც. მაგალითად, წერილში „სალამი“ საუბარია ეროვნულ თვითშეგნებაზე, მის დიდ მნიშვნელობაზე სახელმწიფოს განვითარებისთვის. წერილში „სომხეთის სახალხო პარტიის მოსწავლეთა ფრაქცია“ ყურადღება გამახვილებულია აღნიშნული ფრაქციის საქმიანობასა და ფრაქციის კლუბის გახსნაზე. 

 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates