კავკასიის ქალაქი , თბილისში გამომავალი ორკვირეული გამოცემა, რომელიც მიმოიხილავდა მუნიციპალურ საკითხებს. გამოდიოდა 1918-1919 წლებში. შეიქმნა, როგორც რუსეთის ქალაქთა კავშირის კავკასიის სამხარეო ორგანიზაციის ჟურნალი, შემდეგ გადაკეთდა საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის ორგანოდ. გამოვიდა 1918 წ-ის 15 მარტს რუსულ ენაზე. სულ გამოვიდა 18 ნომერი (1918. №1/2 , 3/4, 5/6, 7/8, 9/10, 11/12, 13/14, 15/16; 1919. №1, №2 , №3, №4, №5/6, №7/8, №9/10, №11/12, №13/15, №17/16, №18/19). საქართველოს ქალაქთა კავშირის გადაწყვეტილებით, ჟურნალს ხელმძღვანელობდა რედკოლეგია (პირველ ეტაპზე რედკოლეგიაში იყვნენ: ი. ჟორდანია, ა. კალიუჟნი, გ. იაგჯიანი; მოგვიანებით - ს. რობაქიძე, ა. ბრიტნევა და მ. სმირნოვი. 1919 წ-ის აპრილიდან კი - ა. ბრიტნევა, ა. ჯაჯანაშვილი და ნ. ელიავა).
1918 წ-ის 14 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე გადაწყდა, რომ რუსულენოვან ჟურნალ „კავკასიის ქალაქს“ ამიერიდან ექნებოდა ორი განყოფილება - ქართულ და რუსულ ენაზე. ჟურნალში იბეჭდებოდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით სტატიები, ბოლოში კი ქართულ და რუსულ ნაწილებს ერთოდა მიმდინარე მოვლენების ქრონიკა.
1919 წ-ის ოქტომბერში ქალაქთა და ერობათა კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჟურნალ „კავკასიის ქალაქს“ სახელი უნდა შეცვლოდა და დარქმეოდა „თვითმართველობა“, თუმცა 1919 წლის მიწურულს ჟურნალი გამოვიდა განსხვავებული დასახელებით - „ერობა და ქალაქი.“ 1920 წელს ერობათა კავშირმა უარი განაცხადა ერთობლივ ჟურნალის გამოცემაზე და საქართველოს ქალაქთა კავშირმა 1920 წ-ის ივლისიდან დაიწყო მთავარი კომიტეტის ყოველთვიური ორგანოს „ჩვენი ქალაქის“ ბეჭდვა.