• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

გზათა და კავშირგაბმულობის  სამინისტრო  (დეპარტამენტი)

გზათა და კავშირგაბმულობის  სამინისტრო  (დეპარტამენტი) - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე პირველივე მთავრობაში ჩამოყალიბდა გზათა და კავშირგაბმულობის სამინისტრო, მის  ხელმძღვანელად კოალიციურ მთავრობაში ცნობილი სოციალისტ-რევოლუციონერი ივანე ლორთქიფანიძე შეირჩა. სამინისტროს მთავარ ფუნქციად კომუნიკაციის საკითხის მოგვარება, სარკინიგზო და საავტომობილი გზების მოწესრიგება, მგზავრთა გადაყვანის და ტვირთების გადაზიდვის რეგულირება განისაზღვრა. სამინისტროს დაევალა მოშლილი და არარსებული საფოსტო-სატელეგრაფო კომუნიკაციების მოწესრიგება, ელექტროენერგიით, ნავთობითა და სხვა საწვავით რესპუბლიკის უზრუნველყოფა. სამინისტროს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას მაინც რკინიგზა წარმოადგენდა, რესპუბლიკისათვის ყველაზე მეტი შემოსავლის მომტანი ორგანზიაცია, რომელიც მთლიანი რესპუბლიკის შემოსავლების 1/3-ს გამოიმუშავებდა. რკინიგზაში მომუშავეთა რაოდენობა 20 000-ს აჭარბებდა, რკინიგზის პროფკავშირები 15 000 წევრით, კი, ქვეყანაში ყველაზე მძლავ გაერთიანებად მიიჩნეოდა. სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა, ფაქტობრივად, საერთო ამიერკავკასიური სარკინიგზო კვანძის განახლებისათვის, თუმცა სომხეთში და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენების ფონზე რკინიგზის სრულად დატვირთვა შეუძლებელი იყო. 1919 წ-ის მარტში დამფუძნებელი კრების მიერ ფორმირებულ მთავრობის ახალ კაბინეტში გზათა სამინისტრო დეპარტამენტად გარდაიქმნა და შრომისა და მიწათმოქმედების სამინისტროს შეუერთდა. გზათა დეპარტამენტის თავმჯდომარედ ბესარიონ ჭიჭინაძე დაინიშნა. დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან საქართველოს რკინიგზის სატრანსპორტო გადაზიდვებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით. გზათა დეპარტამენტი რკინიგზისა და სხვადასხვა საგზაო სადგურებისათვის ქართული სახელწოდებების დარქმევის საკითხზედაც მუშაობდა და ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობდა ივანე ჯავახიშვილთან, სარგის კაკაბაძესთან და პავლე ინგოროყვასთან. დამოუკიდებლობის პერიოდში გზათა სამინისტრო, ერთი მხრივ, ყველაზე დიდ შენატანს ახორციელებდა ქვეყნის ბიუჯეტში, თუმცა ხარჯების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - 1920-1921 წწ-ის ბიუჯეტში მისი ხარჯებისათვის 1.8 მილიარდზე მეტი მანეთი იყო გათვალისწინებული. გზათა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მუშაობდა და საბოლოოდ შემოიღო ტვირთების გადატანის ბაჟების მარჟები, რომელიც გათვლილი იყო როგორც სარკინიგზო, ასევე საზღვაო გადაზიდვებზე. გზათა უწყება და მისი დაწესებულებები ქვეყნის შიგნით და მეზობლად მიმდინარე არეულობების პერიოდში ხშირად ხდებოდა თავდასხმის მთავარი სამიზნე, აქედან გამომდინარე, დეპარტამენტი ინტენსიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,  ცდილობდა უზრუნველყო სატრანსპორტო გადაზიდვების უსაფრთხოება და კომუნიკაციის გამართულობა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates