• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ბათუმის საზავო ხელშეკრულება

1918 წ-ის  4 ივნისს, ბათუმში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ნოე რამიშვილმა (საქართველოს დრ -ის მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი), გენერალმა გიორგი ოდიშელიძემ, გ. გვაზავამ, გ. რცხილაძემ, ხოლო ოსმალეთის იმპერიის მხრიდან: ჰალილ-ბეიმ (იუსტიციის მინისტრი,სახელმწიფო საბჭოს მეთაური), გენერალ-ლეიტენანტმა ვეჰიბ ფაშამ (კავკასიის ფრონტზე ოტომანთა არმიის მეთაური, დელეგაციის მრჩეველი სამხედრო საკითხებში). ხელშეკრულების ძალით, სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და ოსმალეთს შორის მდინარე ჩოლოქზე, აბასთუმნისა და აწყურის სამხრეთით გადიოდა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები), ასევე, სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალეთმა მიიტაცა. საქართველოსთვის თავსმოხვეული „ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულებით  (მუხლი 13), გარდა ბათუმ-ყარს-არტაანის ოლქებისა, ოსმალეთის ხელში დამატებით გადადიოდა ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები (აბასთუმნის და აწყურის გამოკლებით (მუხლი 2). ამით საქართველოს ეროვნულ სხეულს სწყდებოდა მთელი სამაჰმადიანო საქართველო, მტკვრის ზემოწელისა და ჭოროხის აუზის ყველა ისტორიული ტერიტორია. იმავე დღეს გაფორმდა ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულების სამი დანართი (დამატება). პირველი, რომელიც 9 მუხლისგან შედგებოდა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ნავიგაციის საკითხებს ეხებოდა. მეორე დამატება (მუხლი 3) ორივე მხარის მცხოვრებთათვის საზღვრისპირა 10 - კილომეტრიან ზოლში განსაკუთრებულ სამიმოსვლო შეღავათებს აწესებდა. მესამე დამატება (მუხლი 7) საქართველოში მაჰმადიანი სასულიერო პირების უფლებამოსილების გაზრდას ეხებოდა. ოსმალები ამით არ დაკმაყოფილდნენ და იმავე  4 ივნისს ბათუმში გაფორმდა, აგრეთვე, დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც საქართველომ ივალდებულა, ოსმალეთისთვის ჯარების გადასაყვანად და საჭურვლის გადასაზიდად რკინიგზა დაეთმო, ასევე, უნდა უზრუნველეყო სარკინიგზო შემადგენლობების შეუფერხებელი მუშაობა. მთავარ სარკინიგზო სადგურებში მოეწყობოდა ოსმალეთის სამხედრო წარმომადგენლობები, რომლებიც ადგილზე შეიძენდნენ სურსათს ჯარის მომარაგებისთვის. დამატებით ხელშეკრულებას ჰქონდა განსაკუთრებული დანართი (მუხლი 14), რომელიც აწესრიგებდა საქართველოსა და ოსმალეთს შორის ტყვეთა გაცვლას. საამისო პუნქტად მონიშნული იყო ბათუმი, სადაც უნდა შეექმნათ შერეული კომისია. ტყვეთა გაცვლა, ძირითადად, ერთი თვის ვადაში უნდა დაემთავრებინათ.

4 ივნისს, ბათუმში, ოსმალეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ცალკე კონვენციას „ბაქო-ბათუმის ნავთსადენის შესახებ“. საქართველოს და აზერბაიჯანის მხარეები, შესაბამისი საზღაურის ფასად, ვალდებულებას იღებდნენ, თავიანთ ტერიტორიებზე ნავთსადენის მუდმივი მოქმედება უზრუნველეყოთ. ოსმალეთ-საქართველოს 1918 წ-ის 4 ივნისის ხელშეკრულებების რატიფიკაცია უნდა მოეხდინათ ერთი თვის ვადაში. ეს არ განხორციელდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, ამ მძიმე პირობების შეცვლისთვის, ზომები მაშინვე მიიღო. 6 ივნისს ქართულმა დიპლომატიურმა მისიამ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადასცა, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ ბათუმის ზავზე ხელმოწერა მოხდა ოსმალური ხიშტების ძალდატანებით და მოითხოვა მისი გადასინჯვა „ოთხთა კავშირის“ და ამიერკავკასიის სახელმწიფოების საგანგებო საზავო კონფერენციაზე. გერმანიის მთავრობამ  ახალი საზავო კონფერენციის მოწვევის შესახებ, ქართველთა მოთხოვნა გაიზიარა და ოსმალეთის ხელისუფლებაც დაითანხმა. ამის მიუხედავად, ოსმალეთის მთავრობამ მაინც სცადა, ამ კონფერენციისთვის, რომელიც სტამბოლში უნდა გამართულიყო, მისთვის სასურველი ელფერი მიეცა. ამ მიზნით, იქ მიიწვია არა მარტო ამიერკავკასიის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის, ვოლგისპირეთისა და შუა აზიის მაჰმადიანი ხალხების წარმომადგენლებიც. საბოლოოდ, კონფერენციის  ჩატარება ვერ მოხერხდა, პირველ მსოფლიო ომში გერმანიის ბლოკის სახელმწიფოების დამარცხების გამო.

1918 წ-ის ივლისში ოსმალეთის მთავრობამ, ვითომდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების) მოსახლეობის ნების გამოსავლენად, რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც იმხანად მიღებული საერთაშორისო ნორმების დარღვევით, დაშინების, შანტაჟისა და გაძლიერებული ანტიქართული აგიტაციის პირობებში ჩატარდა და გამოაცხადა, რომ, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები ოსმალეთის შემადგენლობასში  რჩებოდა. 1918 წ-ის ივლისში ოსმალები ზაქათალის ოლქში (საინგილო) შეიჭრნენ.

ამიერკავკასიაში ოსმალეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებებს ზღვარი დაუდო პირველ მსოფლიო ომში მისმა დამარცხებამ. 1918 წ-ის 30 ოქტომბერს ომში დამარცხებულ ოსმალეთსა და ინგლის-საფრანგეთს შორის მუდროსის დროებითი ზავი დაიდო. ზავის თანახმად, ოსმალებმა ამიერკავკასიაში ოკუპირებული ტერიტორიები დატოვეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates