• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ოსური ავტონომიის საკითხი 1917- 1920 წლებში

ოსური ავტონომიის საკითხი 1917- 1920 წლებში. ამიერკავკასიის ოსების ჯავის ყრილობაზე (1917-ის ივნისი) მიღებული რეზოლუციით, საქართველოს ოსებისთვის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლება უნდა მიეცათ და მათთვის ეროვნულ- ტერიტორიული ერთეული შეექმნათ. ცხინვალში 1917-ის 15- 17 დეკემბერში ჩატარებულ ოსების მეორე ყრილობაზე მიღებულ დადგენილებაში შემდეგი მოთხოვნები იყო დაყენებული: 1.`სამხრეთ ოსეთში უნდა შემოეღოთ ერობა და ტერიტორიულად გამოეყოთ ოსებით დასახლებული მთის ზოლი - რაჭის, შორაპნის, გორისა და დუშეთის მაზრებიდან; 2. ერობა არჩეული უნდა ყოფილიყო საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პროპორციული უფლებებით. ერობას სავალდებულო დადგენილებების მიღების უფლება მისცემოდა; 3. სამხრეთ ოსეთში~ ერობის შემოღება უნდა განეხორციელებინა `სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოს. აშკარად გამოიკვეთა ოსებისგან საქართველოს ტერიტორიის მიტაცების სურვილი.. ეს მისწრაფება ოფიციალური დოკუმენტით იქნა დადასტურებული ამიერკავკასიის კომისარიატისადმი 1918-ის იანვარში წარდგენილ პროექტში - „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული საერობო თვითმმართველობის შესახებ“.პროექტი ითვალისწინებდა - გორის, დუშეთის, რაჭისა და შორაპნის მაზრებისათვის ჩამოჭრილი ტერიტორიების საფუძველზე, „სამხრეთ ოსეთის“ განსაკუთრებული ადმინისტრაციის შექმნას, რომელშიც უნდა შესულიყო ოთხი მაზრა და ერთი ქალაქი - ცხინვალი. დოკუმენტი იმავე წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნულ საბჭოს გადაეგზავნა. 1918-ის სქტემბრიდან, ოსების ეროვნულმა საბჭომ ოსებისთვის ცალკე ადმინისტრაციული საოლქო ავტონომიის მოთხოვნა წამოაყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ, ოსებისთვის საერობო ერთეულის შემოღების შესახებ 1919-ის ივლისში საგანგებო პროექტი წარუდგინა მთავრობას. ამ დოკუმენტის მიხედვით, გორის, რაჭის და შორაპნის მაზრებიდან ჩამოჭრილი ტერიტორიების (8 სასოფლო საზოგადოება და სამი სოფელი) საფუძველზე, ოსებისთვის განსაკუთრებული ჯავის სამაზრო ერთეულის შექმნა იყო გათვალისწინებული. საკითხი იხილებოდა ოსებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიის მიერ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ალ.თიბილოვმა ამ კომისიას „სამხრეთ ოსეთისა“ და ჩრდილო ოსეთის გაერთიანების ბაზაზე შესაქმნელი ერთიანი ოსური სახელმწიფოს რუკა წარუდგინა. იმჟამად ოსთა ცალკე ადმინისტრაციული სამაზრო ერთეულის შექმნა, გენერალ-ლეიტენანტ ანდრია ბენაშვილისა და პროფ. ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით, საუწყებათაშორისო კომისიამ მიუღებლად ჩათვალა, რადგან )ჯავის მაზრის შექმნით, ოსური მოსახლეობა შიდა ქართლის შუაგულ ტერიტორიას დაეპატრონებოდა; ჩრდილო ოსეთის საზღვრის და საქართველოს სტრატეგიული საუღელტეხილო გადმოსასვლელების (მამისონი, როკი, თრუსო) გამკონტროლება საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდებოდა და სხვ. იმ შემთხვევაში, თუკი ფართო საერობო თვითმმართველობის უფლებით ეროვნულ პრინციპებზე აგებული ოსური მაზრის შექმნა აუცილებელი გახდებოდა, მისი საზღვარი მთავარ რკინიგზას და საქართველოს სამხედრო გზას მაქსიმალურად უნდა დაშორებოდა; ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო. კომისიის ეს დასკვნა ქვეყნის დაცვას და მისი უსაფრთხოების გარანტიის შექმნას ითვალისწინებდა.  ამ პერიოდში ოსთა ყრილობებისა და ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული მთელი რიგი დოკუმენტები „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნულ საბჭოს განიხილავდნენ, როგორც ჩრდილო ოსეთის საბჭოს სექციას და მისადმი დაქვემდებარებულ სტრუქტურას. ასეთ შემთხვევაში, შიდა ქართლის ოსებით დასახლებული ტერიტორია შესაძლოა საქართველოს იურისდიქციის სივრციდან გარეთ აღმოჩენილიყო. 1919-ის 19 ივნისს საქართველოს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინეს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი. დოკუმენტი საქართველოს ფარგლებში ოსებისთვის განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი სახელმწიფო წარმონაქმნის მქონე კანტონის შექმნას მოითხოვდა, რომელიც შვეიცარულ- კონფედერაციულ მოდელს ჰგავდა. . შვეიცარული კანტონისგან განსხვავებით, ოსური კანტონის ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებიოდა და არც საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას აღიარებდა. ქართველმა კანონმდებლებმა ოსების მიერ წარმოდგენილ პროექტი მიუღებლად იქნა მიჩნეული. საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული უმცირესობებს და მათ შორის ოს მოსახლეობას უნდა ესარგებლა კულტურული ავტონომიის უფლებებით, რაც კონსტიტუციის IV თავის 130- ე მუხლში იქნა შეტანილი. ამ დოკუმენტის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების მოწყობა, მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების (თემები, ერობა, ქალაქი) სახით დაკანონდა. საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობა ამ უფლებრივ ჩარჩოში იქნა მოქცეული.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates