• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ამიერკავკასიის სახელმწიფოების სამშვიდობო კონფერენციები

ამიერკავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლად გამოცხადების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) შემდეგ, თითოეული მათგანის სახელმწიფოებრივი მშენებლობის წარმატებულ გარანტს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, მოეწვიათ კონფერენცია, რომელზედაც განიხილავდნენ რეგიონში რესპუბლიკათა შორის არსებულ პრობლემებს და მიაღწევდნენ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას. 1918 წ-ის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიმართა აზერბაიჯანის, სომხეთისა და კავკასიის მთიელთა კავშირის მთავრობებს საერთო კონფერენციის მოწვევის წინადადებით. დოკუმენტში დასმული იყო საკითხები: ა). ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის სასურველი კეთილმეზობლური თანაცხოვრების ნორმების დადგენის, ურთიერთნდობისა და დახმარების პირობების შემუშავების აუცილებლობა; ბ). კონკრეტულად იყო მითითებული ამიერკავკასიის წარმომადგენლების თბილისში შეკრების თარიღი (1918 წ-ის 3 ნოემბერი, 12 საათი). იმავე დოკუმენტში დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი განსახილველი საკითხები: 1. კონფერენციაზე მოწვეული მთავრობებისგან სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის ურთიერთცნობა; 2. ყველა სადავო საკითხების, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟის საშუალებით მოწესრიგება; 3. მონაწილე სახელმწიფოებს ვალდებულება უნდა ეკისრათ, არ შესულიყვნენ ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, რომელიც ზიანს მიაყენებდა კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს; 4. სოლიდარობით და მხარდაჭერით გამოსულიყვნენ საერთაშორისო კონგრესებზე, მათი დამოუკიდებლობის ცნობისა და ინტერესების დაცვის მიზნით. მიუხედავად ამისა, სომხეთის ხელისუფლებამ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ქართულმა მხარემ სომხეთის დიპლომატიურ წრეებს კონფერენციის მოწვევის დროდ 14 ნოემბერი შესთავაზა. სომხეთმა ამჯერადაც თავშეკავება  არჩია, რის გამოც კონფერენცია 30 ნოემბრისათვის გადაიდო. ქართული მხარის შეთავაზება სომხეთის ხელისუფლებამ ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა და ამიერკავკასიის ერების საერთო - სამშვიდობო კონფერენციის მოწვევის იდეა ჩაშალა. მიუხედავად ამისა, ქართული პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევით, 1919 წ-ის 25 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია მაინც გაიხსნა. მასში მონაწილეობდნენ: საქართველოდან -  ე. გეგეჭკორი,  ნ. რამიშვილი, კ. კანდელაკი; სომხეთიდან - ს. მამიკონიანი, ს. ფ. ტიგრანიანი, ს. ს. არუთინიანი; აზერბაიჯანიდან - მ. ჯაფაროვი, ფ. ხან-ხოისკი, ხასმ-მამედოვი; მთიელთა რესპუბლიკიდან - კანტემირი, ფანზულაევი, ბუტაევი. ქართული მხარის მიერ შემუშავებული კონფერენციის დღის წესრიგი, კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან მოწონებულ იქნა. იგი 8 ძირითადი საკითხის განხილვას ითვალისწინებდა: რკინიგზების, ფოსტა-ტელეგრაფის, საქონლის გაცვლა-გამოცვლის, ტერიტორიული კითხვების გადაწყვეტას, საერთო ძალებით დამოუკიდებლობის დაცვას, მოსალოდნელი წინასწარი საფრთხის დროულად განმუხტვას, ლტოლვილთა და სამოსამართლო უფლებრივი ნორმების მოსაგვარებელი მექანიზმის შემუშავებას. აღნიშნული საკითხების მოსამზადებლად და კონფერენციის პლენუმზე გასატანად შესაბამისი დარგობრივი კომისიები შეიქმნა. კონფერენციის 1919 წ-ის 9 ივნისის სხდომაზე ევ. გეგეჭკორმა ამიერკავკასიის სახელმწიფოთა სამხედრო ძალების გაერთიანების საკითხი დააყენა. ნ. რამიშვილმა ყურადღება იმ მოსალოდნელ საფრთხეზე გაამახვილა, მოხალისეთა ჯარისგან (დენიკინისგან) კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას რომ ემუქრებოდა. ქართული მხარის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის იმ დებულებას, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად ამიერკავკასიის სამხედრო და დიპლომატიური ძალების გაერთიანებას ითვალისწინებდა, სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ს. ტიგრანიანმა და ს. მამიკონიანმა მხარი არ დაუჭირეს. მიზეზად სომხეთის მთავრობის პოზიციის არცოდნა, მათთან შეთანხმების საჭიროება დაასახელეს და სხდომის ერთი კვირით გადადება მოითხოვეს. ამით სომხურმა მხარემ რეზოლუციის მხარდაჭერას თავი აარიდა. მათი ეს ქმედება ალ. ხატისოვმა იმით „გაამართლა“, რომ სომხეთის გაერთიანებაში აჯიმოვის ჯგუფს და დენიკინს დიდი დამსახურება მიუძღოდათ. იმავე ალ. ხატისოვმა აღნიშნული კონფერენცია საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე ზემოქმედების მცდელობად და სომხური ტერიტორიების დასათმობად ჩატარებულ ღონისძიებად გამოაცხადა. ალ. ხატისოვი სომხურ ტერიტორიებში ახალქალაქის, ბორჩალოსა და ახალციხის მაზრებს გულისხმობდა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა: 1. ტერიტორიული და სხვა სადავო საკითხების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ენერგიულად გაგრძელებულიყო; 2. ექვსი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების უშედეგობის შემთხვევაში, დავა არბიტრაჟით გადაწყვეტილიყო; 3. მოდავე მხარეებს ცალ-ცალკე შეედგინათ სამი საარბიტრაჟო კომისია; 4. კომისიების მუშაობის უშედეგობის შემთხვევაში, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს ერთად უნდა მიემართათ ანტანტის საბჭოს ან ერთა ლიგის საარბიტრაჟო კომისიის გამოყოფის შესახებ. ამ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  საბოლოო იქნებოდა. 1919 წ-ის 3 ნოემბერს საქართველო-სომხეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მეორე მუხლი სადავო საკითხების გადაწყვეტას არბიტრაჟის წესით სავალდებულოდ აღიარებდა. იმავე წლის 16 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადებული სამხედრო ხელშეკრულება მტრის თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებდა. ამ დოკუმენტს სომხური მხარე არ შეუერთდა. ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლი სომხეთის წარმომადგენლობას 2 კვირის განმავლობაში მოფიქრების შესაძლებლობას აძლევდა.  სომხური მხარის თავშეკავება საქართველოს ტერიტორიების მიმართ პრეტენზიების შენარჩუნების სურვილით იყო განპირობებული. ამ მიმართულებით მათი პოზიცია სან-რემოს კონფერენციაზე (1919, 18 იანვარი - 1920,  21 იანვარი) გამოიკვეთა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates