• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

ამიერკავკასიის დამოუკი-დებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ოსმალეთი სულ უფრო დაჟინებით მოითხოვდა ამიერკავკასიის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა და ეცნო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები - ყარსის, არდაგანის და ბათუმის ოლქების ოსმალეთის ხელში გადასვლა. მას შემდეგ, რაც ოსმალეთის ჯარმა 1918 წ-ის მარტ-აპრილში დაიკავა ზემოაღნიშნული ტერიტორიები და ამიერკავკასიის ფარგლებში შემოიჭრა, ამიერკავკასიის ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობებზე წასულიყო. 1918 წ-ის 22 აპრილს რუსეთის სოც-დემ. პარტიის (მენშევიკების) ა/კ-ის საოლქო კომიტეტის სხდომამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, თუმცა ნ. ჟორდანიამ თავი შეიკავა.  იმავე დღეს შეიკრიბა ა/კ-ის სეიმი ნ. ჩხეიძის თავმჯდომარეობით. დ. ონიაშვილმა წაიკითხა მოხსენება ა/კ-იის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, რომელსაც სეიმის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. სეიმის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. იმავე სხდომამ ევ. გეგეჭკორის მთავრობის გადადგომა დაადასტურა და ახალი მთავრობის შედგენა აკ. ჩხენკელს დაავალა. 26 აპრილს სეიმმა დაამტკიცა ა. ჩხენკელის მიერ შედგენილი ა/კ-ის რესპუბლიკის მთავრობა: აკ. ჩხენკელი - მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი; ნ. რამიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი; ა. ხატისოვი - ფინანსთა მინისტრი; ხ. ბ. მელიქ-ასლანოვი - გზათა მინისტრი; ფ. ხ. ხოისკი - იუსტიციის მინისტრი;  გრ. გიორგაძე - სამხედრო მინისტრი; ნ. ხომერიკი - მიწათმოქმედების მინისტრი; ნ. ბ. უსუბეკოვი - სახალხო განათლების მინისტრი; მ. ჰაჯინსკი - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ა. სააკიანი - სასურსათო საქმეთა მინისტრი, რ. კაჩაზნუნი - სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი; ა. ერზინკიანი - შრომის მინისტრი; ი. ბ. ჰაიდაროვი - სახელმწიფო კონტროლიორი. ამიერკავკასიის მთავრობის მომავალი საქმიანობის მიზნები და ამოცანები იმავე სხდომაზე აკ. ჩხენკელის მიერ წაკითხულ დეკლარაციაში იქნა გაცხადებული. ახალი ფედერაციული გაერთიანების წინაშე თავიდანვე დაისვა მის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემა, რაც ახალ კონსტიტუციას უნდა დაერეგულირებინა. შეიქმნა ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის 24 კაციანი შემადგენლობა. კომისიაში ამიერკავკასიის მთავრობის რეკომენდაციით 9 კაცი იქნა შეყვანილი, ხოლო 5-5 წევრის წარდგენის უფლება ქართველების, სომხების და აზერბაიჯანელების ეროვნულ საბჭოებს მიეცა. საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წ-ის 2 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით, კომისიაში შეყვანილ იქნენ: გ. გვაზავა, პ. საყვარელიძე, შ. მესხიშვილი, რ. არსენიძე, ი. გობეჩია. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის შექმნის საკითხს, იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1918 წ-ის 9 მაისის სხდომაზე იქნა დასმული, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წ-ის 12 მაისის სხდომაზე მოხსენება საქართველოსა და ამიერკავკასიის კონსტიტუციის პროექტის მომზადების შესახებ, ს. ჯაფარიძემ წაიკითხა. მის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების განმსაზღვრელი (საგარეო პოლიტიკა, სამხედრო საქმე, ფინანსები, ფოსტა-ტელეგრაფი, განათლება, სამოქალაქო და სისხლის სამართალი, შრომის უფლებების დაცვა) უფლებები ა/კ-იის სეიმის პრეროგატივად რჩებოდა. ამავდროულად, უნდა შემუშავებულიყო საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის  კონსტიტუციები. 9 მაისს გამართულმა საქართველოს ეროვნული საბჭოს მორიგმა კრებამ დაადასტურა, რომ გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო ძნელი იყო ცალკეული ერების ინტერესების შეთანხმება, განსაკუთრებით, ტერიტორიული გადამიჯვნა. ა/კ-იის ერთიანობა შეუძლებელი გახადა  სამივე ერის განსხვავებულმა პოზიციამ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხში. აზერბაიჯანელები აშკარად პროოსმალურ ორიენტაციას ღიად აფიქსირებდნენ; თანდათან იკვეთებოდა საქართველოს პროგერმანული ორიენტაცია, მაშინ როდესაც სომხები ანტანტის ორიენტაციის ერთგულნი რჩებოდნენ. ამავდროულად, სულ უფრო ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადების განწყობა საქართველოს ეროვნულ საბჭოში. ამგვარი წინააღმდეგობების ფონზე, ა/კ-იის ერთიანი სახელმწიფოს არსებობა სულ უფრო ფორმალური ხდებოდა. მის არსებობას საბოლოო საფუძველი გამოაცალა საქართველო-გერმანიის ფარულმა შეთანხმებამ და საქართველოს ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებამ, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. 1918 წ-ის 26 მაისის 11 სთ-ზე დაიწყო ამიერკავკასიის  სეიმის უკანასკნელი სხდომა, რომელზეც ირ. წერეთელმა თავისი მეორე გამოსვლის დროს განაცხადა: რადგან ამიერკავკასიის მუსლიმები თურქებს ემხრობიან, ამიერკავკასია წყვეტს არსებობას,  და რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დრო დადგა. უკანასკნელი რეზოლუციით, სეიმმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates