• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ადმინისტრაციული დაყოფა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

1918 წ-ის 2 აგვისტოს მიღებული კანონით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატები. საქართველო დაყოფილ იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: თბილისის გუბერნია ცხრა მაზრით (თბილისი, დუშეთი, თიანეთი, გორი, თელავი, სიღნაღი, ბორჩალო, ახალციხე, ახალქალაქი); ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით (ქუთაისი, ახალსენაკი, ლეჩხუმი, რაჭა, ზუგდიდი, ოზურგეთი, შორაპანი); სოხუმის ოლქი, ზაქათალის ოლქი. 1920 წ-ის  ივლისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო ბათუმის ოლქი. ავტონომიური მხარის სტატუსი მიიღეს: აფხაზეთმა (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველომ (ბათუმის ოლქი) და ზაქათალის ოლქმა. შემოიღეს ორსაფეხურიანი ადმინისტრაციული სტრუქტურა. გუბერნიაში უმაღლესი ადმინისტრაციული მოხელე იყო გუბერნიის კომისარი, ოლქში - ოლქის კომისარი, მაზრაში - მაზრის კომისარი. გუბერნიის, ოლქისა და მაზრის კომისარიატებს ჰყავდათ თავიანთი აპარატი - სულ 14 სამაზრო და 56 სარაიონო კომისარი. ყველა სასოფლო თემში შეიქმნა 5-კაციანი მილიცია.   1918  ადგილობრივი მმართველობის რეფორმიდან გამომდინარე გაუქმდა საქართველოს დაყოფა გუბერნიებად, რის შემდეგაც ყველა მაზრაში ჩატარდა საერობო კრების არჩევნები. 1919 საქართველოს მაზრებში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული საერობო კრებები. საერობო კრებების აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობები. სამაზრო თვითმმართველობების (ერობების) შექმნის შემდეგ გატარდა საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა. არჩეულ იქნა მრავალპარტიული საქალაქო სათათბიროები და მისი გამგეობები. საბოლოო ჯამში, საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ადგილობრივი მმართველობის სისტემა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates