• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აგრარული რეფორმა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროგრესი დიდწილად აგრარულ რეფორმას უკავშირდებოდა. მისი მთავარი შემოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრი ნოე ხომერიკი იყო. მაშინ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი სოფლად ცხოვრობდა; გლეხობის 60-64% ძირითადად იჯარით აღებული მიწით სარგებლობდა. 1917 წ-ის მონაცემებით, საქართველოს მიწის ფონდი სულ 5 537 207 დესეტინას შეადგენდა. 1918 წ-ის 1 იანვრის მონაცემებით თავადაზნაურობას ეკუთვნოდა აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის გუბერნია) 511 538 დესეტინა მიწა, დასავლეთ საქართველოში (ქუთაისის გუბერნია) კი - 110 157 დესეტინა მიწა.

          საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განხორციელებული აგრარული რეფორმა თავისთავად უკავშირდებოდა 1860-იანი წლების რეფორმას, რომელმაც გლეხობის ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. რუსეთში, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებული  ერთ-ერთი პირველი აქტით (12 ივლისი, 1917) მიწების ყიდვა-გაყიდვა აიკრძალა. ასევე, 1918 წ-ის 23 თებერვალს, ამიერკავკასიის კომისარიატის გადაწყვეტილებით, მიწის, ტყეების, წყლების ყიდვა-გაყიდვა დროებით აიკრძალა; 1918-ის 7 მარტის კანონით დადგინდა მიწების ჩამორთმევის წესი და მემამულეთათვის მიწების დატოვების ნორმები. განისაზღვრა მამულების მეპატრონეთათვის დასატოვებელი მიწის მაქსიმალური ნორმა სამი კატეგორიის მიხედვით: 1-7 დესეტინა - ძვირფასი კულტურების მეურნეობებში; 2-15 დესეტინა - მარცვლეულ კულტურათა მხარეში; 3-40 დესეტინა - მესაქონლეობისა და მეცხოველეობის ზონებში. განსაკუთრებულ შემთხვევებში საადგილმამულო კომიტეტებს შეეძლოთ დაწესებული ნორმის გაზრდა, შესაბამისად - 10, 20 და 40 დესეტინამდე. ამ საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომა არ არსებობდა: ნ. ჟორდანია დიდ მამულებზე - 15 დესეტინას, ხოლო ნ. ხომერიკი (უფრო მხარდაჭერილი) 7 დესეტინა სახნავ-სათესი მიწის ფართობის დატოვებას მოითხოვდა.              დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აგრარული რეფორმა ორი ძირითადი საფეხურისაგან შედგებოდა: პირველი - მიწების ნორმის ზევით ჩამორთმევა და მეორე - მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა. ამიერკავკასიის სეიმის 1918 წ-ის 7 მარტის კანონის თანახმად, აგრარული რეფორმის ცხოვრებაში გატარება დაევალა მიწათმოქმედების სამინისტროს.

რეფორმის პირველი ეტაპი - მესაკუთრეთათვის ნორმაზე მეტი მიწების ჩამორთმევა - 1918 წ-ის აგვისტოში დაიწყო და 1919 წ-ის შემოდგომაზე, ფაქტობრივად, დასრულდა. გლეხობას უფრო აინტერესებდა ჩამორთმეული მიწების განაწილების ფორმა. სოციალ-დემოკრატთა პროგრამა მიწების მუნიციპალიზაციას ითვალისწინებდა, მაგრამ არა დოგმატური თვალსაზრისით. მათი ტაქტიკა ყოველთვის ადგილობრივი პირობების მიხედვით ყალიბდებოდა. მთლიანობაში, მიუხედავად სირთულეებისა, მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა მისაღები იყო როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამასთან, მიწის ფონდიდან ტყეები, წყლები, საძოვრები, მდინარეები, ბუნებრივი წიაღისეული და ზოგიერთი მეურნეობა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა და განაწილებას არ დაექვემდებარა.

აგრარული რეფორმის შედარებით უფრო რთული მეორე ეტაპი - მიწის ფონდის განაწილება და გლეხობის საკუთრებაში გადაცემა - კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარმართულიყო. მიწა ახალ მესაკუთრეს ეძლეოდა არა უფასოდ, არამედ შეღავათიან ფასში. ამონაგები თანხები ხმარდებოდა რეფორმის გატარებას და მიწაზე ზოგიერთ ვალდებულებათა (მაგ., ბანკის ვალი) გასტუმრებას. 1919 წ-ის 28 იანვრის სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები "სახელმწიფო საადგილმამულო ფონდიდან მცხოვრებთათვის მამულის კერძო საკუთრებად მიცემისა" და "ყოფილ სანადელო, სახაზინო და სხვა მიწების კერძო საკუთრებად გამოცხადების" შესახებ. ასევე, აგრარული რეფორმის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 1918 წ-ის 23 თებერვლის დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლითაც შეჩერდა მიწების ყიდვა-გაყიდვა. მიწის მესაკუთრეს არ შეეძლო ნორმის ფარგლებში დატოვებული მიწების გაყიდვა-დაგირავება. ეს მოთხოვნა გავრცელდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც. დამფუძნებელი კრების 1920 წ-ის 10 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით,  მოიხსნა მამულების ყიდვა-გაყიდვაზე აკრძალვები - იმ რაიონებში, სადაც დამთავრდა მემამულეთა მიწების ჩაბარების პროცესი - 1918 წ-ის 7 მარტის კანონის შესაბამისად. მთლიანობაში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დროის მოკლე მონაკვეთში გატარებულმა აგრარულმა რეფორმამ, დროის სიმცირის გამო, მოსახლეობის ფართო ფენების მდგომარეობა არსებითად ვერ გააუმჯობესა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates