• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

აზერბაიჯანი, როგორც ამიერკავკასიის ნაწილი, 1917 წ-ის ნოემბრიდან ფაქტობრივად ჩამოშორდა რუსეთის იმპერიას, ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატს, შემდეგ კი ამიერკავკასიის სეიმსა და მთავრობას დაექვემდებარა. 1918 წ-ის აპრილ-მაისში აზერბაიჯანი, სომხეთთან და საქართველოსთან ერთად, ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკაში შედიოდა. 1918 წ-ის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, 28 მაისს, თბილისში აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ, მამედ ამინ რასულზადეს ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოში პარტია მუსავათის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ეროვნულმა საბჭომ მთავრობის ფორმირება უპარტიო ფათალ ხან ხოისკის დაავალა, კაბინეტში მუსავატის წევრები ჭარბობდნენ, ასევე შედიოდნენ მუსლიმ სოციალისტთა ბლოკის და ჰუმეტის წევრები. საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციების შესრულება  ეროვნულ საბჭოს დაევალა. თბილისის დატოვების შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1918 წ-ის სექტემბრის შუა რიცხვებამდე განჯაში განთავსდა, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანის მთავარ ქალაქს, ბაქოს, ჯერ ბაქოს კომუნა, ხოლო შემდეგ ცენტროკასპიის დიქტატურა აკონტროლებდა.  ახლად ჩამოყალიბებული აზერბაიჯანის სახელმწიფო მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდიდა. მსოფლიო ომის პირობებში შავი ზღვის გავლით სატრანზიტო გადაზიდვები, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო, ამასთან, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს - ნავთობის საბადოებს - ვერ აკონტროლებდა. 1918 წ-ის ივნისიდან ბაქოში კომუნის მმართველობა ცენტროკასპიის დიქტატურამ ჩაანაცვლა. 1918 წ-ის გაზაფხულზე ბაქოში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის გაჩაღებული სისხლისღვრა კვლავ გრძელდებოდა. 1918 წ-ის აგვისტო-სექტემბერში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, აზერბაიჯანში მყოფი ოსმალეთის არმიის დახმარებით, ბაქო გაათავისუფლეს ცენტროკასპიის დიქტატურისგან. აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე, ფაქტობრივად, მხოლოდ ოსმალეთისაკენ იყო მიმართული. ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობა მიუღწეველი იყო, 1919 წ-ის მარტამდე სამი მთავრობის ფორმირება მოხდა ხოისკის მეთაურობით. 1918 წ-ის ნოემბერში  პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მუდროსის ზავის თანახმად, ბაქოს ოკუპაცია ბრიტანეთის არმიამ განახორციელა გენერალ ტომსონის მეთაურობით. 1918 წ-ის ნოემბერში აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო რასულზადეს ინიციატივით გაფართოვდა და ეთნიკური უმცირესობების - სომხების, რუსების, გერმანელებისა და ებრაელების წარმომადგენლებით შეივსო, პარლამენტში წარმოდგენილი იყო 11 პარტია, მათ შორის მუსავატი, იტიჰადი, აჰრარი, სოციალისტები (ჰუმეტი და ადალეთი), სომეხთა ფრაქცია და ა.შ. ახლად ჩამოყალიბებული ეროვნული ასამბლეის   თავმჯდომარედ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტია მუსავატის ერთ-ერთი ლიდერი ალიმარდან თოფჩიბაშევი იქნა არჩეული.  აზერბაიჯანის პოლიტიკური ბედის განსაზღვრის პროცესში უმნიშვნელოვანესი  როლი ენიჭებოდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციას. აზერბაიჯანის დელეგაციას პარიზის კონფერენციაზე საკანონმდებლო ორგანოს მეთაური ა. თოფჩიბაშევი ხელმძღვანელობდა. ანტანტის ქვეყნები აზერბაიჯანის საკითხს საქართველოსთან ერთად განიხილავდნენ და მოუწოდებდნენ, ერთიანი პოლიტიკა ეწარმოებინათ კავკასიაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა  დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ფაქტობრივი ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ეთნიკური დაპირისპირება უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის ომში აისახა. აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის სიხლის ღვრა ბაქოსა და სხვა ქალაქებში 1918 წ-საც გაგრძელდა. სამხედრო შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ძირითადად ზანგეზურში, ყარაბაღსა და ნახიჩევანში ხდებოდა. აზერბაიჯანის არმიას სომხეთთან ომში სხვადასხვა დროს თავად სამხედრო მინისტრები - სამედ ბეი მაჰმანდაროვი და ხოსრო ბეი სულთანოვი ხელმძღვანელობდნენ.  აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას  ტერიტორიულ საკითხებზე დავა ჰქონდა მთიელთა დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც, დერბენდთან დაკავშირებით. ასევე დავა ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, კონკრეტულად, ზაქათალის ოლქთან მიმართებაში, თუმცა ეს დავა სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. პირიქით, ხშირად ეს ორი სახელმწიფო თანამშრომლობდა, 1919 წ-ის 16 ივნისს კი სამხედრო სფეროში ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, ასევე თანამშრომლობდნენ პარიზის კონფერენციაზე წარგზავნილი ორივე ქვეყნის დელეგაციები. საქართველოს, აზერბაიჯანის და მთიელთა რესპუბლიკის კონფერენცია გაიმართა თბილისში, თუმცა საერთო - კავკასიური კონფერენციის მოწვევა სომხეთის უარის გამო ვერ მოხერხდა.

1919 წ-ის  გაზაფხულზე პოლიტიკური კრიზისის გამო დაიშალა ხან ხოისკის მესამე კაბინეტი და მთავრობას სათავეში მუსავატის ლიდერი ნასიბ-ბეკ უსუბბეკოვი ჩაუდგა. 1919 წ-ის დეკემბერში მეოთხე მთავრობა დაიშალა და ახალი მთავრობის ფორმირება კვლავ უსუბბეკოვს მიენდო. 1920 წ-ის იანვარში, პარიზის კონფერენციაზე, ანტანტის უმაღლესმა საბჭომ დე ფაქტოდ ერთდროულად აღიარა საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. 1920 წ-ის დასაწყისში რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ წითელი არმია, ფაქტობრივად,  აზერბაიჯანის ჩრდილოეთ საზღვარს მოადგა, ამავე პერიოდში აზერბაიჯანში მწვავე პოლიტიკური კრიზისი იყო. მთავრობის შიგნით დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ნაციონალისტ მუსავატებსა და პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსთა შორის დაპირისპირება გამწვავდა. 1920 წ-ის 1 აპრილს მთავრობა დაიშალა და ახალი მთავრობის ფორმირება მოხდა მამად ჰასან ჰაჯინსკის მეთაურობით, რომელიც ბოლშევიკებთან თანამშრომლობას არ გაურბოდა და ამ გზით მშვიდობის შენარჩუნების იმედს გამოთქვამდა. 1920 წ-ის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი მთიან ყარაბაღში  ომს აწარმოებდა სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, ჩრდილო აღმოსავლეთის საზღვარი კი დაუცველი იყო. საბჭოთა რუსეთის XI წითელმა არმიამ, ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე გადაკვეთა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი და 27 აპრილს ბაქო დაიკავა. 1920 წ-ის 28 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური   რესპუბლიკა გამოცხადდა. მუსავატური მთავრობის გავლენის ქვეშ რჩებოდა სიდიდით მეორე ქალაქი განჯა. 31 მაისს XI წითელმა არმიამ საბოლოოდ დაამარცხა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები.  პოლიტიკოსთა ნაწილი, მათ შორის რასულზადე და ხან ხოისკი, ემიგრაციაში წავიდნენ (თოფჩიბაშევი პარიზში იმყოფებოდა). საბჭოთა რეჟიმმა დააკავა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მეთაურები - მეჰმანდაროვი და შიხლინსკი.  მთავრობის ყოფილი მეთაური უსუბბეკოვი 1920 წ-ის 31 მაისს მოკლეს ბაქოსთან ახლოს. ასევე,  მთავრობის ყოფილი მეთაური ხან ხოისკი 1920 წ-ის  ივნისში დაშნაკებმა მოკლეს თბილისში.    მთავრობის წევრთა ნაწილმა, მათ შორის ჰაჯინსკიმ, გააგრძელა თანამშრომლობა საბჭოთა მთავრობასთან. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სამშვიდობო შეთანხმება დადო  საბჭოთა აზერბაიჯანთან.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates