• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თევზაძე ილია

თევზაძე ილია მოსეს ძე (6.II.1881, სოფ, მუხაყრუა, ქუთაისის მაზრ. - ?) -  ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ნაფიცი ვექილი. დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1887-1896 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1899 სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დაუახლოვდა „მესამედასელ“ მოსწავლეთა წრეს.  ქუთაისში სწავლის დროს 1903-1904 წწ-ში მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ საქმიანობაში რის გამოც დაითხოვეს სემინარიიდან. 1904 შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1904 სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის გამო, „მგლის ბილეთით“ დაითხოვეს. 1905 მასწავლებლად მუშაობა დაიწყო სოფ. დაფნარის სამრევლო სკოლაში, თუმცა თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორის ნიკანდრეს საჩივრის საფუძველზე დაითხოვეს.  შემდგომში ცხოვრობდა არალეგალურად, არჩეული იყო ესერთა პარტიის საგუბერნიო კომიტეტში. 1905  იყო იმერეთში მოქმედი ესერთა წითელი რაზმის მეთაური. 1906 გაძლიერებული რეპრესიების გამო საქართველო დატოვა და ყაზანში გადავიდა, სადაც სწავლა დაიწყო ყაზანის უნივერსიტეტში. 1907 მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ლონდონის ყრილობაში.  1910 დაასრულა უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო ქუთაისის სასამართლოში. 1914 წ-დან ნაფიცივექილის თანაშემწედ მუშაობდა სამტრედიაში. 

1917 წ-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ  ეკავა სამტრედიის რაიონის კომისრის თანამდებობა. იყო  სხვადასხვა კომიტეტის წევრი ესერთა პარტიიდან. 1917 აირჩიეს ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად, შემდგომ კი - ქალაქის თავის ამხანაგად. 1918 აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, იყო საარჩევნო სიის მე-8 ნომერი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.

ლიტ.:    სცსა, ფ.1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119.   

                                                                                                      

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates