• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ვარაზაშვილი ივანე

ვარაზაშვილი ივანე სოფრომის ძე (1879, სოფ. მუხლი, რაჭის მაზრა  - 1955, თეირანი) - ცნობილი ისიდორე, ვასილ და გიორგი ვარაზაშვილების ძმა. ინჟინერ-პოლკოვნიკი, რკინიგზის ტრანსპორტის სპეციალისტი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი და პეტერბურგის სარკინიგზო ინსტიტუტი. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. მუშაობდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე; ააშენა წალკის ხიდი. I მსოფლიო ომის დროს მიიღო ინჟინერ-პოლკოვნიკის წოდება და ხელმძღვანელობდა ბაქო-ჯულფის, არზრუმ-სარიყამიშის რკინიგზის მშენებლობებს.                                                          

            1917 ერთხანს ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. 1918 წ-ის  26 მაისის აქტის შემდეგ ი. ვარაზაშვილი შეიყვანეს საქართველოს გაფართოებული ეროვნული საბჭოს (პარლამენტის)  შემადგენლობაში, როგორც ესერთა პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენელი, თუმცა პარლამენტში საქმიანობა დიდხანს არ გაუგრძელებია. 1918 ძმასთან (ისიდორესთან) და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად დააარსა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოება. ამ საზოგადოებაში ივანე და ისიდორე იყვნენ ამხანაგობა „ძმები ივ. და ის. ვარაზაშვილების“ მფლობელები. 1920 წ-ის დეკემბერში            საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის გასაძლიერებლად ივ. ვარაზაშვილმა 1 015 000 მანეთი გაიღო.

1925 ივანეს და ისიდორეს ამხანაგობამ მონაწილეობა მიიღო ხელშეკრულების დადებაში კომპანია „ჰარიმან ბრაზერს ენდ k“- სთან, კონცესიის გადაცემასთან დაკავშირებით. 1922 საბჭოთა ხელისუფლების დავალებით, რომელიც ხელისუფლების ხელში ჩაგდების პირველ წლებში  მხარს უჭერდა უცხოურ ბიზნეს წრეებთან კავშირს, ძმასთან (ისიდორესთან) ერთად გაემგზავრა გერმანიაში. მათ ბერლინში დააარსეს „რუსთაველის საზოგადოება“; გამომცემლობა „ახლო აღმოსავლეთი“ და ჟურნალი „მორგენლანდი“. ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად აქ დაიბეჭდა „გერმანული ენის სახელმძღვანელო ქრესტომათია ლექსიკონით“. ფლობდა რუს. ფრანგ. გერმ. და ირანულ ენებს. 1928 შაჰის მთავრობის მიწვევით ირანში გაემგზავრა მნიშვნელოვანი სარკინიგზო მშენებლობის ხელძღვანელად და იქ დარჩა საცხოვრებლად. II მსოფლიო ომის დროს მან დიდი თანხა გაიღო საბჭოთა ავიაციის განვითარებისთვის; ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს; ფერეიდნელ ქართველებს. დაკრძალულია თეირანის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.   

ლიტ.: თ. არსენიძე, ს. ბაქრაძე, ვარაზაშვილები, ივანე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, ენც.  „საქართველო“. ტ. III, 2012;  მიტროპოლიტი ანანია ჯ ა ფ ა რ ი ძ ე, კრებული: „გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები“, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის „საისტორიო მოამბე“, 1990, №59-60; გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №286.

დიმიტრი შველიძე

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates