• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ერქომაიშვილი არტემ

ერქომაიშვილი არტემ გიგოს ძე (26.X.1887, სოფ. მაკვანეთი - 02.II.1966, ოზურგეთი) - ლოტბარი, მომღერალი, სრული მგალობელი, ხალხური სიმღერების ავტორი. სიმღერა მას და მის ძმებს, ანანიასა და ვლადიმერს, მამამ - გიგომ და დედის ძმამ - გიორგი ბაბილოძემ შეასწავლეს. 19 წლისა თვითონაც სიმღერის მასწავლებლობას შეუდგა. 1911 წ-დან სამეგრელოში - სენაკში, მარტვილსა და აბაშაში სიმღერა-გალობას ასწავლიდა. 1917 გურიაში დაბრუნდა და მშობლიურ სოფელში მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. 12-კაციან ანსამბლში გაერთიანებულნი იყვნენ ძმები ერქომაიშვილები, პატარავები და ვარშალომიძეები. გუნდს თავიდან გიგო ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა.

1918 მელიტონ ბალანჩივაძისა და კოტე ფოცხვერაშვილის ინიციატივით, თბილისში, ერთი თვით, მიიწვიეს ნესტორ კონტრიძის მგალობელთა გუნდი, ერქომაიშვილებისა და გიორგი ბაბილოძის საოჯახო ანსამბლი და ძუკუ ლოლუას გუნდი. დამოუკიდებელ საქართველოში ეს კოლექტივები „სობოროში“ გალობდნენ (ტაძარი მდებარეობდა რუსთაველის გამზირზე, დღევანდელი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე) და ქართულ კლუბებში, წითელი ჯვრის სასარგებლოდ, ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე კონცერტებს ატარებდნენ.

1921 გასაბჭოების შემდეგ, ახალი ანსამბლი შექმნა, რომელშიც ოჯახის წევრებთან ერთად, მისი ახალი ნათესავები და მეზობლებიც გაერთიანდნენ. 1924 ეს გუნდი, სიმღერების ნოტებზე ჩასაწერად, მ. ბალანჩივაძემ, დ. არაყიშვილმა, ი. კარგარეთელმა, კ. მეღვინეთუხუცესმა, კ. ფოცხვერაშვილმა და ა. ბალანჩივაძემ თბილისში მიიწვიეს. ანსამბლი დედაქალაქში 40 დღით დარჩა. 1925 ბათუმში, აჭარელი და გურული მომღერლებისაგან,  ნავსადგურის მტვირთავ მუშათა ანსამბლი ჩამოაყალიბა. 1927 აღნიშნულმა გუნდმა ქუთაისში ჩატარებულ პირველ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღო, ასევე წარმატებით გამოვიდა 1929 თბილისში გამართულ მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე და ფულადი პრემია 500 მანეთი მიიღო. იმავე წელს კონცერტები ჩაატარა მოსკოვსა და ლენინგრადში (დღევანდელი სანკტ პეტერბურგი) და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა.  1934 წარმატებით გამოვიდა თბილისში, ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის მესამე ოლომპიადაზე. 1936 აჭარის მთავრობამ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გუნდს ყოველწლიური დოტაცია დაუნიშნა. 1925 წ-დან 1942 წ-მდე, აჭარის მომღერალთა გუნდის გარდა, სხვადასხვა დაწესებულებებში თვითმოქმედ ანსამბლებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა. 1950 წ-დან იყო ქ. მახარაძის (დღევანდელი ოზურგეთი) კულტ. სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი. 1951 საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1963-65 წწ-ში პროფ. გ. ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით მივლინებულ მუსიკალურ ექსპედიციას ასამდე სიმღერა და საგალობელი ჩააწერინა.                        

ლიტ.: გ. გაბისონია, „ხალხური სიმღერის მეხოტბენი“, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, ბათ., 1979; თ. კომახიძე, „არტემ და ანზორ ერქომაიშვილები“; „აჭარის კულტურის ისტორია“, გამომცემლობა „აჭარა“, ბათ., 1999; რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015; ა. ერქომაიშვილი, „ჩემი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი“, გამომცემლობა „უსტარი“, თბ., 2015. 

ზურაბ ლეჟავა

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates