• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ორჯონიკიძე გრიგოლ კონსტანტინეს ძე

ორჯონიკიძე გრიგოლ კონსტანტინეს ძე. პარტიული სახელი - სერგო (12. X. 1886. სოფ. ღორეშა, შორაპნის მაზრ. - 18. II.1937. მოსკოვი). ქართველი ბოლშევიკი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. დაიბადა აზნაურის ოჯახში. მალე დაობლდა. 1901-1905 სწავლობდა და დაამთავრა საფერშლო სკოლა. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში და გახდა პროფესიონალი რევოლუციონერი. 1903 შევიდა რსდმპ-ში და ბოლშევიკებს მიემხრო. პირველად 1904-ში, მეორედ კი 1905-ის სექტემბერში დააპატიმრეს, საზღვარგარეთიდან შემოტანილი იარაღის გადმოზიდვაში მონაწილეობისათვის. ისტორიოგრაფიაში არსებული ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, თითქოს მონაწილეობდა ი. ჭავჭავაძის მკვლელობაში. რამდენიმე დაპატიმრების შემდეგ 1909  გადაასახლეს ენისეისკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა და სპარსეთში გაიხიზნა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა იქ მიმდინარე რევოლუციაში. 1910-ის ბოლოს პარიზში ჩავიდა და რამდენიმე თვის განმავლობაში ისმენდა ვ. ლენინის ლექციებს ბოლშევიკების მიერ დაარსებულ ლონჟიუმოს სკოლაში, რომელიც არალეგალური მუშაობისთვის ამზადებდა რევოლუციონერებს. იმავე წელს ლენინის დავალებით დაბრუნდა რუსეთში და მონაწილეობდა ბოლშევიკების პრაღის კონფერენციის მომზადებაში და მუშაობაში. აირჩიეს რსდმპ ბოლშევიკების ცენტრალური კომიტეტისა და ბიუროს წევრად. 1912 აპრილში დააპატიმრეს, ერთ ხანს შლისელბურგის ციხეში იჯდა, ხოლო შემდეგ გადაასახლეს იაკუტსკში, სადაც მუშაობდა ექიმად.                                            

1917 აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკების მიერ მომზადებულ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომლის შედეგადაც დაემხო დროებითი მთავრობა. დენიკინის განადგურების შემდეგ, როდესაც საბჭოთა რუსეთის საზღვრები ამიერკავკასიას დაუმეზობლდა ს. ორჯონიკიძე დაინიშნა რუსეთის კომუნისტური (ბოლშევიკებისა) პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს თავმჯდომარედ. მისი მთავარი დანიშნულება იყო მოემზადებინა ნიადაგი და ეხელმძღვანელა კავკასიის სამივე რესპუბლიკაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ანუ მათი დაპყრობისათვის. 1920-ის 17 მარტს ვ. ლენინი მას წერდა, რომ უაღრესად  საჭირო იყო „ბაქოს აღება“ და „ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების მომზადება“ და იქვე განუმარტავდა: „იგივე ეხება საქართველოს“. ს. ორჯონიკიძის ფაქტიურ განკარგულებაში იყო XI რუსული არმია. 1920-ის აპრილსა და ნოემბერში ს. ორჯონიკიძის უშუალო მითითებებით რუსეთის არმიამ ჯერ აზერბაიჯანი და შემდეგ სომხეთი დაიპყრო. 1920-ის მაისში მან სცადა საქართველოსკენ დაეძრა რუსული არმია და თბილისი აეღო, მაგრამ იმჯერად ცენტრალური ხელისუფლების (ლენინისა და სტალინის) თანხმობა ვერ მიიღო, პირიქით, მას უბრძანეს, რომ სასწრაფოდ გაეყვანა ჯარი საქართველოს საზღვრებიდან. სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, ს. ორჯონიკიძემ რამდენჯერმე მიმართა კავკასიის ბიუროს სახელით, რკპ(ბ) ცკ-ს, რომ უკვე შექმნილი იყო ხელსაყრელი ვითარება, რათა რუსული არმია საქართველოში შემოჭრილიყო და საბჭოთა ხელისუფლება დაემყარებინა  (1920-ის 15 დეკემბრის დეპეშა ლენინისადმი; 1921-ის 2 იანვრის მოხსენება რკპ ცკ-სადმი). 1921-ის 15 თებერვალს რკპ(ბ) ცკ-მა “ნება დართო“ ს. ორჯონიკიძეს და XI არმიის სარდლობას, შეჭრილიყო საქართველოში და საბჭოთა ხელისუფლება დაემყარებინა, რაც შეასრულა კიდეც ს. ორჯონიკიძემ. 25 თებერვალს მან ლენინისა და სტალინის სახელზე გაგზავნა ცნობილი დეპეშა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას“.                                                                                                                                        1921-ის შემდეგ ს. ორჯონიკიძე კვლავ თამაშობდა მოსკოვის მთავარი აღმსრულებლის როლს კავკასიაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეუერთეს სამი რესპუბლიკა ერთმანეთს, ჩამოაყალიბეს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა და ამ სახით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში; გატეხეს ნაციონალ-უკლონისტების წინააღმდეგობა; სისხლში ჩაახშვეს  1924-ის აგვისტოს ეროვნული აჯანყება. 1922-1926-ში იყო საკავშირო კომპარტიის ამიერკავკასიის და ჩრდილო კავკასიის სამხარეო კომიტეტების თავმჯდომარე. 1926-დან იმყოფებოდა კომპარტიისა და საბჭოთა კავშირის წამყვან თანამდებობებზე; 1932-დან იყო საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი (მინისტრი). დიდი როლი მიუძღოდა სახელმწიფოს ინდუსტრიალიზაციის პროცესში, რისთვისაც „რკინის სერგო“ შეარქვეს. მაგრამ რამდენადაც ს. ორჯონიკიძე პოპულარული იყო საბჭოთა იმპერიაში, იმდენად არაპოპულარული გახლდათ საკუთარ სამშობლოში, რომელსაც, მტრად უფრო მოევლინა, ვიდრე მოყვარედ. იგი გულუბრყვილო იდეალისტის მონდომებით აშენებდა წითელ საბჭოთა იმპერიას და სრულიად არ უწევდა ანგარიშს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. როგორც ტიპიური პოლიტიკური რომანტიკოსი, ამ სიტყვის ყველაზე უარესი მნიშვნელობით,იგი დარწმუნებული იყო, რომ მომავალი საბჭოთა სახელმწიფო იქნებოდა თანასწორი ერების საერთო სივრცე. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, რაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მისი ცრუიდეალების სრული გაკოტრების შედეგიც იყო.  ჰყავდა რუსი მეუღლე ზ. გ. პავლუცკაია. ს. ორჯონიკიძე დაკრძალულია კრემლის კედელში.  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates