• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ონიაშვილი დავით ეფრემის ძე

ონიაშვილი დავით ეფრემის ძე (22.XII1883,  სოფ. ხიდისთავი, გორის მაზ. – 14.VII.1937, თბილისი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი,  ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. სოციალ-დემოკრატი. დაიბადა გლეხის ოჯახში. თავდაპირველად საშუალო განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო იურიევის (ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტში. 1904-ს შეურთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას პარტიულ პრესაში. 1906 მეფის რეჟიმმა დააპატიმრა რამოდენიმე თვით. 1918-თებერვალ-მაისში იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით 1918-ს 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საჭიროების შესახებ განცხადება, სეიმის სხდომაზე სწორედ მან გააკეთა.

1917-ს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე არჩეული იქნა ეროვნული საბჭოს წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნულ საბჭოში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. ეწეოდა აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას, იყო არაერთი კანონის ინიციატორი. 1919-ის თებერვალში არჩეული იქნა დამფუძნებელი კრების წევრად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრების იურიდიულ კომისიას, ასევე იყო თვითმართველობისა და საფინანსო კომისიის წევრი. 1920-ს 3 დეკემბერს დავით ონიაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა, ამ პოსტზე მან ნოე ხომერიკი შეცვალა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი.  მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში და ჩართული იყო აჯანყების მომზადების პროცესში. 1924-ს დააპატიმრეს, თუმცა ფსიქოლოგიური აშლილობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც გაქცევა მოახერხა. 1925-ს კვლავ დააპატიმრეს თურქეთის საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის მცდელობისას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო კვლავ არ მიუსაჯეს პატიმრობა. შემდგომში წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანულიდან მარქსის „კაპიტალის“ (მალაქია ტოროშელიძესთან ერთად) და გოეთეს „ფაუსტის“ ქართულად თარგმანზე, ეს უკანასკნელი მხოლოდ 1962-ს გამოიცა. 1937-ს კვლავ დააპატიმრეს და რამოდენიმე თვეში დახვრიტეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates