• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ოდიშელიძე ილია ზურაბის ძე

ოდიშელიძე ილია ზურაბის ძე (25.III.1865-1925) დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. სწავლა მოსკოვში ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. 1888 პოდპორუჩიკის წოდებით 39-ე საარტილერიო ბრიგადაში გაიგზავნა.  პორუჩიკი (1891). 1891-1894-ში სწავლობდა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემიაში.  შტაბს-კაპიტანი (1894). 1895 კავკასიის კაზაკთა მე-2 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი.  კაპიტანი (1896). კავკასიის მსროლელთა მე-2 ბატალიონის ასმეთაური. 1897 დაინიშნა უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსად. 1900 უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსად.  პოდპოლკოვნიკი (1900). 1902-დან აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 ბრიგადის შტაბ-ოფიცრი. 1904-დან აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. 1904 აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.  პოლკოვნიკი (1904). 1906 აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 პოლკის უფროსი. 1907 აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-11 პოლკის მეთაური. 1909 თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის დავალებათა გენერლის მოვალეობის შემსრულებელი. გენერალ-მაიორი (1910). 1911 სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორი. 1914 თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი. გენერალ-ლეიტენანტი (1914). პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მე-10 არმიის შტაბის უფროსი, შემდეგ კი 1917 წლის იანვრამდე 1-ლი არმიის შტაბის უფროსი. 1917  გადაყვანილ იქნა ჯერ XV საარმიო კორპუსის მეთაურად, შემდეგ  მე-3 არმიის სარდალი. 1917-ის 2 ოქომბერს კავკასიის არმიის სარდლად ინიშნება. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებით და ბანტით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებით და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით,  წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით. წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის, წმ. ანას 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-2 ხარისხის, თეთრი არწივის. დაჯილდოებული იყო იარაღით.

1918-1921-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. სხვადასხვა დროს იყო: სამხედრო მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, სამხედრო კომისიის თავმჯდომარე, პარიზის კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი. 1919 ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი სადაც დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები. მთავრობისადმი წარდგენილ არაერთ მოხსენებაში სახავდა კონკრეტულ გეგმებს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად. 1920-ის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალად. ამ პოსტზე მოუსწრო მას 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან დაწყებულმა ომმა. დაუშვა რამდენიმე მძიმე შეცდომა და 16 თებერვალს გადაყენებულ იქნა ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო. დაინიშნა მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად. ერთადერთი იყო ვინც შეეწინააღმდგა ახალი მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძის გადაწყვეტილებას, თბილისის დატოვების შესახებ. თვლიდა რომ დედაქალაქის დატოვება მორალურად გაანადგურებდა ჯარს, დასცემდა მის ბრძოლისუნარიანობას და ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა.                                                                         

1921 წელს წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, სადაც ორჯერ წაიკითხა მოხსენებები 1921 წლის ომთან დაკავშირებით. სავარაუდოდ კონსტანტინოპოლშივე გარდაიცვალა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates