• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა)

ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა) (1872, ქუთაისის გუბერნია, ს. დიდი ჯიხაიში – 28.VIII.1924) - მიტროპოლიტი,  დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. პატარა იოსები მამამ ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დაარსებულ სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1892 წარჩინებით დაამთავრა სემინარია და დაიწყო სამღვდელმსახურო საქმიანობა დიაკვნის ხარისხში, 1893 ხონის ფერისცვალების ეკლესიაში აკურთხეს მღვდლად. 1894 დაჯილდოვდა საგვერდულით, 1897 სკუფიით. ამ დროს მას ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს, გარდაეცვალა მეუღლე და შვილები. 1900 მამა იოსები ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში.1904 ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად „ნაზარი” (ღვთისათვის შეწირული). 1905 დაამთავრა სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო „კაბადოკიური საღვთისმეტყველო სკოლა“. 1905 დაინიშნა ველინსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად, ხოლო 1907 წ-ს გადაიყვანეს კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1910 აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 დაინიშნა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად  და იმავე წელს დადგენილ იქნა არქიმანდრიტად და ქართლ-კახეთის კეთილმოწესედ. 1912 აირჩიეს საქართველოს ეპარქიების მუზეუმების კომიტეტის წევრად. 1913 დაჯილდოვდა წმიდა ანას I ხარისხის ორდენით. 1916 საქართველოს ეგზარქოსის, პლატონის, წარდგინებით დაინიშნა სინოდის კანტორის წევრად.

1917 აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში. მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში, პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 1918 წ-ის 17 ნოემბერს არქიმანდრიტი ნაზარი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დადგენილ იქნა ქუთათელ მიტროპოლიტად. იგი აქტიურად დაუპირისპირდა საქართველოს დრ. მთავრობის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საკათოლიკოსო საბჭოსა და ადგილობრივ ეპარქიასთან შეუთანხმებლად გელათის მონასტრიდან გამოიტანეს საეკლესიო სიწმინდენი და გადაიტანეს მუზეუმში.

1921 წ-ის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების თბილისში შემოსვლამდე ორი დღით ადრე, საკათოლიკოსო საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო დადგენილება საეკლესიო სიწმიდეთა ქუთაისში გადატანის შესახებ, რომლებიც მიტროპოლიტ ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში დამალეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს, ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე), არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე), დეკანოზ დიმიტრის (ლაზარიშვილს) და მიტროპოლიტ ნაზარს. 1923 წ-ის 25 აპრილს შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერდნენ ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე ლორთქიფანიძე და ბოლშევიკური ხელისუფლების სხვა აღმასრულებლები, სარდაფიდან ამოიღეს საეკლესიო განძი, ხოლო ნაზარი დააპატიმრეს. სასამართლომ ვერ დაუმტკიცა მიტროპოლიტს დანაშაული და გაანთავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან. 28 აგვისტოს ნაზარმა ერთ-ერთი სოფლის ეკლესია აკურთხა და იმ ღამით მღვდელ პ. ვარდოსანიძის ოჯახში დარჩა, სადაც ადგილობრივი მილიციის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. „განსაკუთრებული სამეულის” (ტროიკა) გადაწყვეტილებით ნაზარი და სხვა დაპატიმრებულები საფიჩხიის ტყეში გაიყვანეს და დახვრიტეს. 1995 წ-ის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ღვთისა და ერის წინაშე მოწამებრივი ღვაწლისათვის მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად მღვდელნი: სიმონ მჭედლიძე, გერმანე ჯაჯანიძე, იეროთეოზ ნიკოლაძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე და საბჭოთა რეჟიმის დროს ყოველნი უღმერთოთგან წამებულნი წმინდანებად შერაცხა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates