• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

მილნი ჯორჯ

მილნი ჯორჯ (5.XI.1866, აბერდინი, შოტლანდია  - 23.III.1948, ლონდონი) - ბრიტანელი ბარონი,  ბრიტანეთის არმიის ფელდმარშალი. ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი. ბრიტანეთის შავი ზღვის ჯარების სარდალი.  სამხედრო განათლება ვულვიჩის სამეფო სამხედრო აკადემიაში მიიღო. 1885 წ-დან მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში. ადრეულ ეტაპზე სხვადასხვა დროს მსახურობდა ბრიტანეთის არმიის ინდოეთისა და მალტის ძალებში. მონაწილეობას იღებდა ბურების მეორე ომში. 1913 მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება.  პირველ მსოფლიო ომში არტილერიის გენერლის სტატუსით მონაწილეობდა. 1915 წ-დან კი ბრიტანეტის არმიის 27-ე დივიზიის მეთაურად დაინიშნა. 1916 წ-დან სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა ბალკანეთში, სალონიკსა და მაკედონიის ფრონტზე.

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს,  1918 წ-ის სექტემბერში, დაინიშნა ბრიტანეთის  არმიის შავი ზღვის ჯარების მეთაურად. პოლიტიკური გამოცდილების არმქონე გენერალს გაუჭირდა კავკასისა და მის სამეზობლოდ მიმდინარე პროცესებში გარკვევა და მოქმედება. ცალსახად მხარს უჭერდა დენიკინ-კოლჩაკის ოპერაციას და ეწინააღმდეგებოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობას. მილნის მიერ ლონდონში გაგზავნილ ანგარიშებში  ნეგატიურად იყო წარმოდგენილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, როგორც ულტრასოციალისტური პოლიტიკური ძალა. მილნი გამოირჩეოდა უხეშობით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და არ მალავდა თავის დამოკიდებულებას. მილნი ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, ამიერკავკასიისადმი ასევე სკეპტიკურად განწყობილ ფედმარშალ ჰენრი უილსონსათვის გაგზავნილ ანგარიშებში აშკარად ავლენდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური პროცესების უცოდინარობას. პირად წერილებში უილსონს სწერდა, რომ ამიერკავკასიას პოლიტიკური მომავალი არ აქვს, მართალია, ბრიტანეთის გასვლის შემდეგ რეგიონში სისხლისღვრა გარდაუალი იქნება და „რეგიონის მცხოვრებლები ერთმანეთს ყელებს დააჭრიან“, მაგრამ ეს არაფრად ღირს თუნდაც ერთი ბრიტანელი ჯარისკაცის სიცოცხლესთან შედარებით. მილნი 1918 წ-ის ბოლოს ბრიტანეთის მთავრობას მოსთხოვა, საქართველოს დელეგატები გაეძევებინა ლონდონიდან და პარიზიდან.  მილნის შეფასებით, საქართველოს მთავრობა მოსახელობის ყველაზე ცუდი ნაწილისგან შედგება და არ წარმოადგენს თავად ქართველ ხალხს. მილნის და ბრიტანეთის არმიის  გენერალური შტაბის დაჟინებული მოთხოვნით,  1919 წ-ის აგვისტოში ბრიტანეთის სამხედრო ნაწილები გაიწვიეს ბაქოდან, მხოლოდ 3 ბატალიონი განთავსდა  ბათუმში, საბოლოოდ კი,  1920 წ-ის ივლისის დასაწყისში, ამ ბატალიონებმაც დატოვეს  კავკასია.

1923 გენერალი მილნი ბრიტანეთის არმიის აღმოსავლეთის სარდლად დაინიშნა. 1926 წ-ის თებერვალში  ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი გახდა, 1933 გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. სამხედრო დამსახურებების გამო დაჯილოდებული იყო არაერთი მედლითა და ხმლით. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates