• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

კაკაბაძე დავით

კაკაბაძე დავით ნესტორის ძე  ( 8.VIII.1889, კუხი - 10.VI.1952, თბილისი) - ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი და თეორეტიკოსი, უსათვალო სტერეოკინოს გამომგონებელი, დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო ქუთაისში ი. პაევსკისთან და ვ. კროტკოვთან. შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე (1910-1918), პარალელურად კი - ლ. დმიტრიევ - კავკაზსკის სამხატვრო სტუდიაში (1910-1915). 1910  მუშაობას იწყებს ფოტოგრაფიაში. 1914  ოთხმა მხატვარმა – კაკაბაძემ, ფილონოვმა, კირილოვმა და ლასონ-სპიროვამ - დააფუძნეს საზოგადოება „ფერმწერთა და მხატვართა ინტიმური სახელოსნო“ და გამოაქვეყნეს მანიფესტი „გაკეთებული სურათები“. ეს მანიფესტი გამოხატავდა დ. კ.-ის შემოქმედების ძირითად პრინციპს - სურათი უნდა იყოს გაკეთებული, დასრულებული, ყველაფერი შემთხვევითისგან განთავისუფლებული და დაცლილი. ამავე პერიოდში ხატავს თავის ცნობილ „ავტოპორტრეტს სარკესთან“ და „კუბისტურ ავტოპორტრეტს“. 1916 უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დ. კ. ბრუნდება საქართველოში და იმავე წელს ხდება ქართველ მხატვართა საზოგადოების წევრი. სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი  ბუნებისმეტყველებას და ხატვას ასწავლიდა ვაჟთა I გიმნაზიაში.

1917 დაიწყო მუშაობა იმერეთის პეიზაჟების სერიაზე, 1918  კი უკვე შესრულებული ჰქონდა ცნობილი ნამუშევრები: „იმერეთის ნატურმორტი“, „იმერეთი – დედაჩემი“ და სხვა. 1919 ლ. გუდიაშვილთან და ს. სუდეიკინთან ერთად მოხატა პოპულარული არტისტული კაფე „ქიმერიონი“, მონაწილეობდა არტისტული კაფეების „ფანტასტიკური დუქნისა“ და „ფარშევანგის კუდის“ მოხატვაში. 1919  თავის ძმასთან სარგის კაკაბაძესთან ერთად გამოსცემს არაპერიოდულ ინტერდისციპლინურ ჟურნალს „შვიდი მნათობი“, სადაც აქვეყნებს ტექსტებს ხელოვნებაზე. 1919 დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ უახლესი მხატვრული მიმდინარეობების გასაცნობად დავით კაკაბაძე რამდენიმე ახალგაზრდა მხატვართან ერთად პარიზში გააგზავნა. 1919-1927 წწ-ში დ. კაკაბაძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში, სადაც შექმნა ცნობილი ფერწერული და გრაფიკული სერიები: „პარიზი“(1920), „ბრეტანი“ (1921), „იალქნიანი ნავები“ (1921), „აყვავებული ბაღის აბსტრაქტული ფორმები“ (1921), ობიექტები ლინზებით (1924) და სხვა. პარიზში ყოფნის დროს იგი მონაწილეობდა პარიზის „დამოუკიდებელთა სალონის“ ყოველწლიურ გამოფენებში. პარიზშივე გამოაქვეყნა წიგნები: „კონსტრუქციული სურათის შესახებ“ (ფრანგ. ენაზე, 1921), „პარიზი 1920-1923“ (1924), „ხელოვნება და სივრცე“ (ქართ. ენაზე, 1925). თანამშრომლობდა ლეონ როზენბერგის Bulletin de L’effort Moderne-თან, სადაც ქვეყნდებოდა მისი წერილები თანამედროვე ხელოვნების შესახებ.

1922 ის ქმნის უსათვალო სტერეოაპარატს, რისთვისაც პატენტებს იღებს ამერიკიდან და ევროპის მრავალი ქვეყნიდან.  1926  Société Anonyme-ის დამფუძნებლებმა ქეთრინ დრაიერმა, მარსელ დუშანმა და მან რეიმ, ვასილი კანდინსკისთან, კურტ და ჰელენ შვიტერსებთან, ფერნან ლეჟესთან, ჰაინრიხ კამპენდონკისთან და ანტონ ჟულიო ბრაგალიასთან თანამშრომლობით, ბრუკლინის მუზეუმში მოაწყვეს თანამედროვე ხელოვნების დიდი საერთაშორისო გამოფენა. ამ მიზნით, დ. კ.-ის პარიზის სახელოსნოში Société Anonyme-მა შეიძინა მხატვრის ნამუშევრები, მათ შორის - ქანდაკება „Z“. ამჟამად იგი სხვა ნამუშევრებთან ერთად  იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეაში ინახება. 1927 დ. კ. გერმანიაში, იტალიასა და საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ, უკვე 6 წლის ანექსირებულ და გასაბჭოებულ საქართველოში ბრუნდება. სწორედ ამ დროიდან იგი მოწყვეტილი აღმოჩნდა დასავლური სახელოვნებო სამყაროსგან და, ბუნებრივია, სრულიად დავიწყებულიც. საქართველოში დაბრუნებისთანავე სასტუმრო „ორიენტში“ მოეწყო დ. კაკაბაძის პერსონალური გამოფენა (1928), ამ გამოფენის შემდეგ იგი 1933 წ-მდე არ ქმნის არც ერთ ნამუშევარს და ამ წლებს შემდგომში „დუმილის პერიოდი“ უწოდებს. 1930-იან წწ-შივე მთელი მისი შემოქმედება, განსაკუთრებით კი პარიზული ნამუშევრები, ფორმალიზმად ჩაითვალა.  1933 იგი იძულებით ქმნის გრაფიკულ სერიას „რიონჰესი“, ხოლო 1940-1950-იან წწ-ში სურათებს ინდუსტრიულ თემაზე.  ამ პერიოდში ის მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და კ. მარჯანიშვილის თეატრში, მოღვაწეობდა კინოშიც. 1929-1931 წწ-ში დ. კ. ხელმძღვანელობდა დოკუმენტური კინოფილმის („საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები“) გადაღებას. 1940-იან წწ-ში მხატვარმა დაასრულა ჯერ კიდევ პარიზში დაწყებული ნაშრომი ქართული ორნამენტის შესახებ. 1933-1942 წწ-ში დ. კ. სამხატვრო აკადემიის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ხოლო 1943 წ-დან კი - პროფესორი. 1948 დ. კ. გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რადგან  ბრალად დასდეს, რომ მან „ვერ უზრუნველყო სტუდენტების სოციალისტური მეთოდის საფუძველზე აღზრდა“. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა (სემ – ხელოვნების მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა); საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი, კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრის მუზეუმი, შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრის მუზეუმი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის მუზეუმი, დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი) და უცხოეთში (იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა, აშშ), ასევე, არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates