კავსაძე ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე (1874, სოფ. ხოვლე, გორის მაზრ. - 12.VI.1939, თბილისი) - მომღერალი, ლოტბარი. მუსიკალური განათლება არ მიუღია. სწავლობდა და მღეროდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1894 წ-დან გორის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა სიმღერას. მოსწავლეებისგან ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში ვ. სარაჯიშვილიც შედიოდა. 1896-1911 წწ-ში ხელმძღვანელობდა მომღერალთა გუნდს. 1911 წ-დან მუშათა გუნდები ჩამოაყალიბა ჭიათურასა და ტყიბულში, სადაც 24 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ჟურ. ,,თეატრი და ცხოვრების“ ცნობით, „სადგურ შორაპანში რკინის გზის პროფესიონალურ კავშირთან არსებული კულტურა-განათლების კომისია, მუშათა კლუბის თეატრის აშენებას შეუდგა, ძველ თეატრში კი უკვე წარმოებს სისტემური წარმოდგენები და კონცერტები. ხელმძღვანელობს სახალხო მომღერალი სანდრო კავსაძე“. 1935 თბილისში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი 100-კაციანი შემადგენლობით.