• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

იმედაშვილი ალექსანდრე

იმედაშვილი ალექსანდრე (18.II.1882, თბილისი - 30.IX.1942) -  მსახიობი. 1890-1894 წწ-ში თბილისის სემინარიასთან არსებულ პირველდაწყებით სკოლაში სწავლობდა, შემდეგ სწავლა სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც არ დაუმთავრებია. 1898-1900 წწ-ში საბუღალტრო კურსებზე სწავლობდა.  1900 წ-ის 30 სექტემბერს  სცენაზე პირველად გამოვიდა. მონაწილეობდა ვ. ხოლოსტოვის ერთმოქმედებიან ვოდევილში ,,უკუღმართი ადგილი“ და ჟოინტის პიესაში ,,ძალად ავაზაკი“, მიიღეს ქართული თეატრის დასში. 1902 ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა ქუთაისში მიიწვია. 1903-1909 წწ-ში თბილისში განაგრძო მუშაობა. 1904-1905 წწ-ში დააარსა ,,ახალგაზრდა მსახიობთა ამხანაგობა“. დრამატული როლების გარდა, ვოკალური მონაცემების წყალობით ოპერეტებშიც მონაწილეობდა. 1908 პირველად გამოდის საოპერო სცენაზე, ე. ოდრანის ,,ნატვრის თვალში“  მღერის პიპოს პარტიას. 1909 ქუთაისის თეატრში ვალერიან გუნიამ მიიწვია. 1913 თბილისში ბრუნდება. 1914 წ-ის 13 თებერვალს შილერის ,,დონ კარლოსში“ მარკიზ პოზას როლს ასრულებს. იმავე წელს ოტელოს როლს ასრულებს შექსპირის პიესაში ,,ოტელო“. 1916-1917 წწ-ში იყო ქუთაისის დასის ხელმძღვანელი.                                                                                 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ გამოცემებში მისი ავტორობით არაერთი წერილი დაიბეჭდა, რომელიც თეატრის პრობლემებს შეეხებოდა. ამავე დროს, 1919-1920 წწ-ში იყო ქუთაისის დრამატული დასის ხელმძღვანელი. 1920-1921 წწ-ში თბილისის დრამატულ თეატრში მუშაობდა.  

1921-1922 წწ-ში ბათუმის თეატრში მოღვაწეობს, 1922-1924 წწ-ში კი - რუსთაველის თეატრში. 1923-1924 წწ-ში თბილისის თეატრში მსახიობობის პარალელურად, ბათუმის თეატრალურ დასს ხელმძღვანელობდა, 1925-1926 წწ-ში კი ქუთაისის დასს. 1929-1930 ბრუნდება თბილისში, რუსთაველის თეატრში. 1931 წ-ის 26 თებერვლის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს. 1932 მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. 1939 წ-დან ქუთაისის დასში ბრუნდება, სადაც დოდო ანთაძესთან ერთად მუშაობდა.                            

ლიტ.: საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა, წ. I.

 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates