• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - უმაღლესი სასწავლებლის დაარსებას ამაოდ ცდილობდა ქართველი მოღვაწეების არაერთი თაობა, მაგრამ რუსეთის იმპერიის ხელისუფლება ამის საშუალებას არ იძლეოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონარქიის დამხობის შემდეგ დაარსდა,  1918 წ-ის 26 იანვარს (ახ. სტ. 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, როგორც კერძო ქართული უნივერსიტეტი. იგი დაარსდა ქართველ მეცნიერთა ძალისხმევით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილი. მეცნიერებს ხელი შეუწყვეს ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწეება, რომლებსაც რუსეთში დიდი გავლენა ჰქონდათ (ნ. ჩხეიძე, ი. წერეთელი, აკ. ჩხენკელი, ნ. რამიშვილი). გახსნის ცერემონიალს უამრავ ხალხთან ერთად პოლიტიკური პირები და კათალიკოს პატრიარქი კირიონი დაესწრნენ. 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს პირველი ოფიციალური სხდომა, რომელმაც ივანე ჯავახიშვილს რექტორობა სთხოვა, მაგრამ მან უარი განაცხადა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია. ხოლო 1919 წ-ის 17 დეკემბერს  უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა მისმა დამაარსებელმა ივ. ჯავახიშვილმა დაიკავა.  1918 წ-ის 28 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი კერძო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნის შესახებ, რაც 3 სექტემბერს   საზეიმოდ გამოცხადდა. გახსნის პერიოდში უნივერსიტეტს მხოლოდ სამი აუდიტორია ჰქონდა დათმობილი თბილისის სათავადაზნაურო შენობის მეორე სართულზე. 1918 წ-დან შენობა მთლიანად უნივერსიტეტს გადაეცა. უნ-თვის განკუთვნილი შენობა ჯერ კიდევ 1900-1906 წწ-ში აშენდა ნ. ცხვედაძის ხელმძღვანელობით, არქიტექტორ ს. კლდიაშვილის პროექტის მიხედვით. უნ-ის პროფესორთა პირველ საბჭოში შედიოდნენ ფაქტობრივად მისი დამაარსებლები: ივ. ჯავახიშვილი, ი. აბულაძე, ს. ავალიანი, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი, შ. ნუცუბიძე, ა. რაზმაძე, დ. უზნაძე, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი.  თავდაპირველად უნივერსიტეტს მხოლოდ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ჰქონდა, რომელიც აერთიანებდა ჰუმანიტარულ, მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო დარგებს. მისი დეკანი ივ. ჯავახიშვილი იყო. შემდგომში უნ-ში სამი ფაკულტეტი ჩამოყალიბდა და მათი რაოდენობა თანდათანობით იზრდებოდა. 1919-1920 წწ-ში თსუ-ს ჰქონდა შემდეგი ფაკულტეტები და განყოფილებები: 1. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი შემდეგი განყოფილებებით: ფსიქოლოგიის; ფილოსოფიის; ენათმეცნიერების; სიტყვიერების; საისტორიო;  საეკონომიკო. 2. სამათემატიკო ფაკ-ი;  3. საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი; 4. საექიმო ფაკ-ტი. უნ-ის პროფესურა მკაცრად შეირჩა როგორც საზღვარგარეთის სასწავლო ცენტრებიდან მოწვეული პროფესორებით, ასევე ადგილობრივი მაღალპროფესიული  კადრებით.  1918-1919 სასწავლო წელს უნ-ში მოღვაწეობდა 27 პროფესორი, 8 ლექტორი, 20 ასისტენტი, 9 პირი, რომლებიც სხვადასხვა კათედრებზე  იქნენ დატოვებულნი საპროფესორო სტიპენდიანტების სახელით. საქართველოს დამოუკიდებლობის  წლებში უნ-ს გადაეცა მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებები: სანიტარული ინსტიტუტი, პასტერის ინსტიტუტი, სამართლებრივ-სამედიცინო ლაბორატორია, სამხედრო სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოს კლინიკის მდიდრული ტექნიკური აღჭურვილობა, სამეანო-საბებიო ინ-ი და სხვ. უნ-ის გამგებლობაში გადავიდა გაუქმებული საცენზურო კომიტეტის მდიდარი ბიბლიოთეკაც, სადაც ინახებოდა კავკასიის მხარეში სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი პრესისა და წიგნების ეგზემპლარები. უნ-ის ბიბლიოთეკა  დამოუკიდებლობის წლებშივე შეივსო 25 ათასი იშვიათი გამოცემით. უნივერსიტეტში ირიცხებოდა 1801 სტუდენტი და 79 თავისუფალი მსმენელი. შემოწირულების სახით უნივერსიტეტს შეუვიდა 75 ათასი მანეთი, სწავლის შენატანი თანხა - 525 000 მან. ამასთანავე, როგორც საარქივო დოკუმენტი მიუთითებს, მან მთავრობისაგან დაარსებისთანავე 6 მილიონ მანეთზე მეტი მიიღო. 1922 პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა, მათ შორის იყვნენ მომავალში ცნობილი ქართველი მეცნიერები: ს. ჯანაშია, შ. ამირანაშვილი, კ. ბაქრაძე, ვ. თოფურია, ა. ჩიქობავა. თსუ-ში შემოღებული იყო ერთი სამეცნიერო ხარისხი  - მეცნიერების დოქტორი ანუ მოძღვართმოძღვარი, რომელიც დასავლეთ ევროპის უნ-ის დოქტორის ხარისხს შეესაბამებოდა. პირველი დისერტაცია პროფესორთა საბჭოს წინაშე დაიცვა ა. შანიძემ 1920 წ-ის 9 მაისს და მიენიჭა მეცნიერების დოქტორის ხარისხი. 1921 წ-ის თებერვალში რუსეთის  მეთერთმეტე არმიის საქართველოში შემოჭრის დროს თსუ-ის რექტორმა ივ. ჯავახიშვილმა სტუდენტებს მოუწოდა სამშობლო დაეცვათ და სტუდენტთა ჯგუფი პატრიოტული სიტყვით გააცილა ფრონტზე. 1989  წელს სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა, მისი დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates