• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რაზმაძე ანდრია მიხეილის ძე

რაზმაძე ანდრია მიხეილის ძე  (1889 ,  სოფ.  ჩხენიში, -    1929, ქ. თბილისი) - ქართველი მათემატიკოსი, თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებალი საქართველოში. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრე  და თანამებრძოლი.    1906   დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი.  1907    ჩააბარა  მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე.  1910   ვადაზე ადრე დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და  მის  სადიპლომო ნაშრომს „რიცხვთა თეორიის კონსპექტს“  პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ  ანდრია რაზმაძემ პედაგოგად დაიწყო  მუშაობა  რუსეთის პროვინციაში, ქ. მურომში.  მისი პირველი გამოკვლევა ვარიაციულ აღრიცხვაზე გამოქვეყნდა  ევროპის ერთ-ერთ ცნობილ მათემატიკურ ჟურნალში.

  1917 ა. რაზმაძემ წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მაგისტრის წოდება მოიპოვა.  მოგვიანებით კი  წმინდა  მათემატიკის კათედრის პრივატდოცენტი გახდა. მისი შრომები  გამოქვეყნდა საქართველოსა  საფრანგეთის, ამერიკის, გერმანიის  ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებსა და კონგრესის ანგარიშებში. 1918-დან   ასწავლიდა თბილისის ქართულ უნივერსიტეტში, მისი ინიციატივით უნივერსიტეტში მოიწვიეს ცნობილი ჰოლანდიელი პროფესორი ერენფესტი. ა.  რაზმაძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ მის მიერაა შედგენილი   ახლად დაარსებულ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები და სასწავლო გეგმები.  პირველმა წაიკითხა მშობლიურ ენაზე მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი,  დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში  და  საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას.

1924-ს  მონაწილეობა მიიღო მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე ამერიკაში,      1926-ს რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე.  1928-ს მოსკოვის მათემატიკურის აზოგადოების კრებაზე, მისი მოხსენება ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის გამოყენებას ზეციურ მექანიკაში.  1920-იან წლებში ევროპისა და ამერიკის ცნობილი უნივერისტეტებიდან მიღებულ მრავალ მომხიბლავ წინადადებას არ დათანხმდა და დარჩა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  მისი    წინადადებით საქართველო 1924  მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა.   1925  წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პარიზში.  დისერტაცია შეეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას.   1925 წელს გამოცემულ მათემატიკურ ტერმინების ლექსიკონის წინასიტყვაობაში ნიკო  მუსხელიშვილი წერდა -  ,,ტერმინების უმრავლესი ნაწილი ა. რაზმაძესთან ერთადაა დამუშავებული, და მრავალი ტერმინი პირდაპირ მის შრომებიდან არის ამოღებული“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates