• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

პიროსი - ეპისკოპოსი

პიროსი - ეპისკოპოსი (ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე). (XI. 1874. დისევი, გორის მაზრა - 28. IV. 1922, თელავი.) 7 წლის ასაკში მამამ მიაბარა ალავერდის მონასტერში, სადაც მიიღო დაწყებითი სასულიერო განათლება თავისი პაპის მღვდელ-მონაზონ სილვესტერის მიერ (ცნობილი თავისი მკაცრი ცხოვრებით), რომელიც იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმა. მალე ის შეიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ, 1890  გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1893-94 სასწავლო წლებში გადავიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში და დაამთავრა 1896, იმავე წელს შევიდა კიევის სასულიერო აკადემიაში და 1900 დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, 1900 აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პიროსი, ამავე დროს აკურთხეს ჯერ იერო-დიაკვნად, შემდეგ - მღვდელმონაზვნად; 1900 დაინიშნა კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის ინსპექტორად, 1902 დაინიშნა გორის სასულიერო სასწავლებლების უფროსის თანაშემწედ; 1905 მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად; 1907 აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში; 1909 დაინიშნა საქართველოს-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრად; 1915 ალავერდის ეპისკოპოსად. საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარის ამხანაგის და ქართულ ენაზე საეკლესიო და საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემის კომიტეტის თავმჯდომარე; სინოდალურ კრებასთან არსებული ღვთისმშობლის საძმოს თავმჯდომარე; “საქართველოს საეგზარხოსოს მოამბის” რედაქტორი და სხვ. 1916 დაინიშნა საქართველოს ეპარქიაში ქორეპისკოპოსად.               

 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარქიო კათედრაზე, სახელწოდებით “ალავერდელი”.                                        

გარდაიცვალა დამბლით. დაკრძალულია ალავერდის საკათედრო ტაძარში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates