• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა საბჭოთა რუსეთში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა საბჭოთა რუსეთში.     

რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა (რსფსრ) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფოები თითქმის ერთდროულად წარმოიშვნენ. პირველი 1917 წლის 7 ნოემბერს დაფუძნდა, ხოლო მეორე 1918 წლის 26 მაისს. საბჭოთა რუსეთისა და დემოკრატიული საქართველოს მესვეურები ერთმანეთს ზედმიწევნით იცნობდნენ, რადგან მათ საერთო მიზნებისთვის ხანგრძლივი ერთობლივი ბრძოლა, ასევე, იძულებითი ემიგრანტობის წლები აკავშირებდათ. საქართველოს ცალკე სახელმწიფოდ არსებობა საბჭოთა რუსეთის არც ახლო და არც პერსპექტიულ გეგმებს არ თანხვდებოდა. თავის მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მზად იყო რუსეთის ბოლშევიკურ რეჟიმთან ეთანამშრომლა, რომელსაც უცხოეთში იმ დროს არავინ ცნობდა და რომლის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას არ აპირებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, მოსკოვში თავისი დიპლომატიური წარმომადგენელი - გაბრიელ ხუნდაძე მიავლინა. გ. ხუნდაძის მისიას რუსეთში მტრულად მოეკიდნენ. მას განუცხადეს, რომ საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და მის მთავრობას არ ცნობდა. კრემლის მესვეურთა განკარგულებით, რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობა დახურეს. 1919 წლის იანვარში, რუსეთის „ჩეკა“-მ რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის -  მაქსიმ ლიტვინოვის ბრძანებით დააპატიმრა საქართველოს საელჩოს თითქმის მთელი შემადგენლობა, ელჩის - გაბრიელ ხუნდაძის ჩათვლით და ბუტირკის ციხეში მოათავსა. ბოლშევიკური ხელისუფლება სამხრეთ კავკასიას და მათ შორის საქართველოს რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დაისვა, რაც 1920 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის რწმუნებული, დამფუძნებელი კრების წევრი - გრიგოლ ურატაძე მოსკოვს ეწვია. გ. ურატაძის ვიზიტს შედეგად, 1920 წლის 7 მაისს, რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება მოჰყვა, რომლის ძალით ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას უპირობოდ ცნობდა, ასევე, ხელს იღებდა მის შინაურ საქმეებში ჩარევისგან და უარს ამბობდა წინანდელ უფლებებზე საქართველოს ტერიტორიისა და ხალხის მიმართ. ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლობა ამოქმედდა, ხოლო მოსკოვში საქართველოს საელჩო გაიხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა - ჩიჩერინმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ე. გეგეჭკორს რუსეთის წარმომადგენლად, საქართველოში ცნობილი ქართველი ბოლშევიკის - სერგო ქავთარაძის დანიშვნა შესთავაზა. ქართულმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ასეთ საპასუხისმგებლო დიპლომატიურ თანამდებობაზე ვერ გამოდგებოდა ისეთი ადამიანი, ამ შემთხვევაში ს. ქავთარაძე, რომელიც არა თუ არ აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ თვით დამოუკიდებლობის იდეას ებრძოდა  და მიუღებლად მიიჩნევდა. საბჭოთა რუსეთის პირველ დიპლომატიურ წარმომადგენლად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძველი რევოლუციონერი სერგეი მირონის ძე კიროვი (კოსტრიკოვი) დაინიშნა, ხოლო საქართველოს ელჩი ბოლშევიკურ რუსეთში გერასიმე მახარაძე გახდა. 1920 წლის 20 ივნისს, კიროვი თბილისში ჩამოვიდა. რუსეთის წარმომადგენლობამ ველიამინოვის (შემდეგში ჯაფარიძის, დღეს ლადო ასათიანის) ქუჩის #4-ში დაიდო ბინა. რუს მრჩეველთან (ლეონიდ სტარსკი) ერთად მას მეორე მრჩევლად ქართველების დაწუნებული სერგო ქავთარაძე დაუნიშნეს. რუსეთის წარმომადგენლობა, თავდაპირველად, 51 კაცისგან შედგებოდა, თუმცა სულ მალე თბილისში მათი რიცხვი 300-მდე გაიზარდა. 1920 წლის შემოდგომაზე, საბჭოთა მთავრობამ ს. კიროვი უკან გაიწვია. იგი შეცვალა არონ შეინმანმა.  იგი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო მეტი აგრესიულობით გამოირჩეოდა, მაგრამ თბილისის ნაცვლად ბაქოში იმყოფებოდა და რუსეთის წარმომადგენლობას იქედან მართავდა. 1920 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს ელჩი რუსეთში - გერასიმე მახარაძე  ვლადიმერ ლენინს შეხვდა და განუმარტა: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მიმართ საბჭოთა რუსეთის კეთილმეგობრულ განწყობილებაზე აკეთებდა აქცენტს,  ამიერკავკასიაში რეალობა სულ სხვაგვარი იყო.  1921 წლის 4 იანვარს, რუსეთის მთავრობამ გამოსცა ბრძანება საქართველო-რუსეთს შორის მიღწეული ორი შეთანხმების შესახებ: მოქალაქეობის კანონსა და სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვაზე. შეთანხმებას ხელს აწერდნენ: ლ. კარახანი  და გ. მახარაძე. ამავე დროს, სარკინიგზო ტრანსპორტით სარგებლობაზე ხელშეკრულება დაიდო საქართველო-უკრაინას შორის, რასაც ხელს გერასიმე მახარაძე და უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი - იური კოციუბინსკი აწერდნენ. აღნიშნულ ხელშეკრულებას რუსეთის მთავრობა აქტიურად იყენებდა, რადგან სამხედროების გადაყვანა და იარაღის ტრანსპორტირება რკინიგზით მეშვეობით ხდებოდა. ამასთან, ტვირთები შემოწმების გარეშე, თავისუფლად უნდა შემოსულიყო საქართველოში. 1921 წლის 19 თებერვალს, რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოში წარმოებული საომარი ოპერაციების პერიოდში, 19 თებერვალს საქართველოს ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარიატში დაიბარეს და შეეცადნენ ყველაფერი ქართული მხარისთვის დაებრალებინათ. კერძოდ, ქართულ მხარეს საყვედურობდნენ ე. გეგეჭკორის მიერ 11 თებერვალს პოლონეთში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის -  გ. სიდამონ-ერისთავისთვის გაგზავნილი ნოტის გამო, რომელშიც საქართველოს ირგვლივ საბჭოთა რუსეთის მიერ დაწყებული ინტერვენცია იყო აღწერილი და სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი სთხოვდა მას აღნიშნული ნოტა მთელი ევროპის მასშტაბით გაევრცელებინა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქართველი დიპლომატი - გ. მახარაძე კრემლში გამოკეტეს. ლენინი და კარახანი „შინაურ პატიმარს“ დამცინავად ექცეოდნენ. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გ. მახარაძე სამშობლოში დაბრუნდა. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates